თავი - 11
Previous1როცა დაინახა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი შვილი, ადგა და ამოწყვიტა მთელი სამეფო მოდგმა.
2მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიას დამ, მოარიდა იოაში, ახაზიას ძე, დასახოცად განწირულ უფლისწულებს და მის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალა ღოთოლიასგან და ვერ მოკლეს.
3ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად უფლის სახლში, ხოლო ღოთოლია მეფობდა ქვეყანაზე.
4მეშვიდე წელს დაიბარა იეჰოიადაყმა მცველთა და მალემსრბოლთა ასისთავები და შეიყვანა ისინი უფლის სახლში. აღთქმა მოსთხოვა მათ, დააფიცა უფლის სახლში და აჩვენა მეფისწული.
5უბრძანა: აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თქვენგან მესამედმა, შაბათს მომსვლელთაგან მეფის სასახლეში უნდა იყარაულოს;
6მესამედმა - სურის კარიბჭესთან, მესამედმა - კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან. მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში.
7თქვენგან ორმა მესმედმა, შაბათს გამომსვლელთაგან, უფლის სახლში უნდა იყარაულოს მეფის წინაშე.
8გარს შემოერტყით მეფეს იარაღით ხელში; ვინც რიგებში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს მისი გამოსვლისას და შესვლისას.
9ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც დაარიგა მათ იეჰოიადაყ მღვდელმა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს მომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ.
10დაურიგა მღვდელმა ასისთავებს შუბები და ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში.
11დადგნენ მალემსრბოლები იარაღით ხელში სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.
12გამოიყვანა მეფისწული, დაადგა შარავანდი და მისცა მოწმობა; გაამეფეს და სცხეს მირონი. ტაშს უკრავდნენ და იძახდნენ: იცოცხლოს მეფემ!
13შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში.
14დაინახა, დგას მეფე წესისამებრ და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით, მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. შემოიგლიჯა სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: ღალატია! ღალატი!
15უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა. ასისთავებს, ჯარის მეთაურებს და უთხრა: გარეთ გაიყვანეთ. ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით. რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო.
16გზა მისცეს და წავიდა ცხენთა შესასვლელით სასახლისაკენ, და იქ მოკლეს.
17დადო იეჰოიადაყმა აღთქმა უფალსა და მეფეს შორის, და ერს შორის, რათა ერი საუფლო ყოფილიყო, და მეფესა და ერს შორის.
18შევიდა მთელი ქვეყნის ხალხი ბაალის სახლში და დაანგრიეს იგი სამსხვერპლოიანად, დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე.
19წამოიყვანა ასისთავები, სასახლის მცველები, მალემსრბოლები და ქვეყნის ერი და მათაც გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მალემსრბოლთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ და მეფეთა ტახტზე დაჯდა მეფე.
20გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს სამეფო სახლში.
Next