Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1შვიდი წლისა იყო იოაში, როცა გამეფდა.
2იეჰუს მეშვიდე წელს გამეფდა იოაში და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბერშებადან.
3სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას.
4ოღონდ გორაკები არ ყოფილა გაუქმებული; გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
5უთხრა იოაშმა მღვდლებს: მთელი შემოწირული ვერცხლი, რომელიც უფლის სახლში შემოდის, ტრიალში მყოფი ვერცხლი, ვისაც რამდენი შემოაქვს, მთელი ვერცხლი, რომელიც სურვილთსამებრ შემოაქვთ უფლის სახლში,
6აიღონ მღვდლებმა თავ-თავისი ნაცნობებისგან და შეაკეთონ სახლში ყველაფერი, რასაც შესაკეთებელს აღმოაჩენენ.
7როცა, მეფე იოაშის ოცდამესამე წელს, მაინც არ ჰქონდათ შეკეთებული მღვდლებს, რაც შესაკეთებელი იყო სახლში,
8დაუძახა მეფე იოაშმა იეჰოიადაყ მღვდელს და სხვა მღვდლებს და უთხრა: რატომ არ შეგიკეთებიათ სახლი, მეტად ნუღარ აიღებთ თქვენ-თქვენი ნაცნობებისგან ვერცხლს სახლის შესაკეთებლად.
9შეთანხმდნენ მღვდლები, აღარ აეღოთ ხალხისგან ვერცხლი სახლის შესაკეთებლად.
10აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი კიდობანი, ზემოდან ნახვრეტი გაუკეთა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, უფლის სახლში შემომსვლელთა მხარმარჯვნივ. იქ ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში შემოტანილ მთელს ვერცხლს.
11როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ვერცხლი დაგროვდა კიდობანში, ამოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ვერცხლს.
12ხელში აბარებდნენ დათვლილ ვერცხლს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს, უფლის სახლში მომუშავეთ,
13ქვისმთლელებს და ქვითხუროებს, ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვას უფლის სახლის შესაკეთებლად და ყველაფერს, რაც სახლის გასამაგრებლად იყო საჭირო.
14ოღონდ უფლის სახლისთვის საჭირო ვერცხლის თასები, მაშები, სასხურებლები, საყვირები, ოქროს და ვერცხლის ყოველგვარი ჭურჭელი არ მზადდებოდა უფლის სახლში შემოსული ვერცხლით,
15რადგან სამუშაოთა შემსრულებლებს ეძლეოდათ, რომ მისი ხარჯით შეეკეთებინათ უფლის სახლი.
16ანგარიშს არ სთხოვდნენ იმ პირებს, რომელნიც სამუშაოთა შემსრულებლებს აბარებდნენ ხელში ვერცხლს, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ.
17დანაშაულის გამოსასყიდი ვერცხლი და ცოდვის გამოსასყიდი ვერცხლი არ შემოდიოდა უფლის სახლში; მღვდლებს ეკუთვნოდათ იგი.
18მაშინ გაემართა ხაზაელი, არამის მეფე, და გაილაშქრა გათის წინააღმდეგ და აიღო იგი. მერე იერუსალიმზე გალაშქრება განიზრახა.
19მაშინ აიღო იოაშ იუდას მეფემ მთელი შემოწირულობა, რაც შემოწირული ჰქონდათ იოშაფატს, იორამს და ახაზიას - მის მამა-პაპას, იუდას მეფეებს, თავისი შემოწირულობაც და მთელი ოქროულობა, რაც კი იპოვებოდა უფლის სახლსა და მეფის სახლის საგანძურებში, და გაუგზავნა ხაზაელს, არამის მეფეს; და ისიც გაეცალა იერუსალიმს.
20იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
21აღდგნენ მისი მორჩილნი და შეითქვნენ მის წინააღმდეგ, და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას ჩასავალთან.
22მისმა მორჩილებმა - იოზაქარ შიმყათის ძემ და იეჰოზაბად შომერის ძემ, მოკლეს იგი; მოკვდა და დამარხეს თავის მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ამაცია გამეფდა.
Next