თავი - 13
Previous1იუდას მეფის, იოაშ ახაზიას ძის, ოცდამესამე წელს გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა ჩვიდმეტი წელი.
2უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში და მიჰყვებოდა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვის კვალს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი; არ განრიდებია მას.
3აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს, და ბენჰადადს, ხაზაელის ძეს, დიდი ხნით.
4შეევედრა იეჰოახაზი უფალს და უსმინა მას უფალმა, რადგან დაინახა ისრაელიანთა შეჭირვება, როგორ აჭირვებდა მათ არამის მეფე.
5მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი და დააღწიეს თავი არამის ბატონობას; და იწყეს ცხოვრება ისრაელიანებმა თავ-თავის კარვებში, როგორც გუშინ და გუშინწინ ცხოვრობდნენ.
6ოღონდ არ განრიდებიან იერობოამის სახლის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი; მისდევდნენ მათ და ხემხვივანებიც კვლავინდებურად იდგა სამარიაში.
7ორმოცდაათი ცხენოსანი, ათი საომარი ეტლი და ათი ათასი ქვეითიღა შერჩა იეჰოხოაზს, რადგან გაანადგურა ისინი არამის მეფემ და მიწის მტვერივით გასათელი გახადა.
8იეჰოხოაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა და მისი გმირობანი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
9განისვენა იეჰოხოაზმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე იოაში გამეფდა.
10იუდას მეფის, იოაშის, ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იეჰოაშ იეჰოხოაზის ძე ისრაელზე სამარიაში და თექვსმეტი წელი იმეფა.
11უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ მიუტოვებია ცოდვები იერობოამ ნაბატის ძისა, რომელმაც შეაცდინა ისრაელი, არამედ მისდევდა მათ.
12იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, იუდას მეფეს, ამაციას, რომ ეომებოდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
13განისვენა იოაშმა თავის მამა-პაპასთან და დაჯდა მის ტახტზე იერობოამი. ხოლო იოაში სამარიაში დაიმარხა ისრაელის მეფეთა გვერდით.
14დასნეულდა ელისე და მოკვდა კიდეც ამ სენისაგან. ჩავიდა მასთან იოაშ ისრაელის მეფე. თავზე დასტიროდა და ეუბნებოდა: მამავ, მამავ, ისრაელის ეტლო და მხედრობავ!
15უთხრა ელისემ: აიღე მშვილდ-ისარი. მანაც აიღო მშვილდ-ისარი.
16უთხრა ისრაელის მეფეს: დაადე ხელი მშვილდს. მანაც დაადო ხელი, ხოლო ელისემ მეფის ხელზე დააწყო თავისი ხელები.
17თქვა: გააღე აღმოსავლეთის სარკმელი. გააღო. თქვა ელისემ: სტყორცნე. სტყორცნა. თქვა: ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ.
18თქვა: აიღე ისრები. აიღო. უთხრა ისრაელის მეფეს: დაჰკარი მიწას. სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა.
19გაუბრაზდა ღვთისკაცი და უთხრა: ხუთგზის ან ექვსგზის რომ დაგეკრა, საბოლოოდ სძლევდი არამს, ახლა კი მხოლოდ სამგზის სძლევ არამს.
20მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს.
21ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა.
22ხაზაელი, არამის მეფე, აჭირვებდა ისრაელიანებს იეჰოახაზის მეფობის მთელს ხანაში.
23მაგრამ შეიბრალა ისინი უფალმა და შეიწყალა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმის გამო და არ ინება მათი მოსპობა. თავიდან არ მოუშორებია ისინი დღესამომდე.
24მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე; მის ნაცვლად მისი ძე ბენ-ჰადადი გამეფდა
25უკანვე დაიბრუნა იოაშ აეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძისგან ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამისთვის, იეჰოხოაზისთვის. სამგზის სძლია მას იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.
Next