Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1ისრაელის მეფის იოაშ იოახაზის ძის, მეორე წელს გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.
2ოცდახუთი წლისა იყო, რომ გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან.
3სწორედ იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი მამა დავითი. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც იოაში, მამამისი.
4ოღონდ გორაკები არ იყო ჯერ კიდევ გაუქმებული. გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
5როცა ხელში გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მორჩილნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მისი მამა.
6მკვლელების შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო. არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოკვდეს.
7მან სძლია ედომელებს მარილოვან ველზე - ათი ათას კაცს, და ბრძოლით აიღო სელაყი და უწოდა სახელად იოკთიელი, როგორც დღემდე ეწოდება.
8მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები იოაშს, იოახაზს იეჰუს ძის ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.
9შეუთვალა იოაშ ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.
10დაგიმარცხებია ედომი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.
11ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, მაშინ გამოვიდა იოაშ ისრაელის მეფე და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ ბეთშემეშთან, იუდაში რომ არის.
12დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავთავის კარვებში გაიფანტნენ.
13ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ძე, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.
14წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას.
15იეჰოაშის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა და გმირობანი, როგორ ებრძოდა ამაციაჰუს, იუდას მეფეს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
16განისვენა იეჰოაშმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით; მის ნაცვლად მისი ძე იერობოამი გამეფდა.
17ისრაელის მეფის იეჰოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ.
18ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
19შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში და თავი შეაფარა მან ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
20წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს იერუსალიმში თავისი მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში.
21გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყაზარია, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად გაამეფეს.
22მან აღადგინა ელათი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ თავის მამა-პაპასთან.
23იუდას მეფის ამაციაჰუ იოაშის ძის მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობოამ იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და იმეფა ორმოცდაერთი წელი.
24უკუღმართად იქცეოდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვები, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.
25მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან უდაბნოს ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მორჩილის, გათხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის, პირით.
26რადგან დაინახა უფალმა ისრაელის გაჭირვება, ძალზე მწარე, არ დარჩენილა არც ყმა და არც აზატი, და არ ჰყავდა შემწე ისრაელს.
27არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის მოსპობა ცისქვეშეთიდან და იერობოამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი.
28იერობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, რომ იბრძოდა და ისრაელს დაუბრუნა იუდას კუთვნილი დამასკო და ხამათი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
29განისვენა იერობოამმა თავის მამა-პაპასთან, ისრაელის მეფეებთან. მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.
Next