Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1იერობოამ ისრაელის მეფის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია ამაციაჰუს ძე, იუდას მეფე.
2თექვსმეტი წლისა იყო, რომ გამეფდა და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იექოლიაჰუ, იერუსალიმელი.
3სწორედ იქცეოდა უფლის თვალში, ისევე, როგორც მამამისი ამაციაჰუ.
4ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული: გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს.
5დასაჯა იგი ღმერთმა და სიკვდილამდე კეთროვანი იყო, და ცხოვრობდა სამკურნალო სახლში. იოთამი, მეფისწული, სასახლეს ზედამხედველობდა და განსჯიდა ქვეყნის ხალხს.
6ყაზარიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
7განისვენა ყაზარიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა.
8იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ზაქარია იერობოამის ძე ისრაელზე სამარიაში და ექვსი თვე იმეფა.
9უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა იქცეოდა. არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.
10შეთქმულება მოუწყო მას შალუმმა, იაბეშის ძემ, და მოკლა იგი კაბალ-ყამმა და გამეფდა მის ნაცვლად.
11ზაქარიას დანარჩენი საქმენი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
12ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოუცხადა მან იეჰუს: მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შვილები ისრაელის ტახტზე. და ახდა კიდეც.
13შალუმ იაბეშის ძე გამეფდა იუდას მეფის, ყუზიას, ოცდამეცხრამეტე წელს და ერთი თვე იმეფა სამარიაში.
14წამოვიდა მენახემ გადის ძე თირცადან და მოადგა სამარიას. დაამარცხა შალუმ იაბეშის ძე სამარიაში, მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად.
15შალუმის საქმენი და მისი შეთქმულების ამბავი, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
16მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო; მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული, რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი.
17იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა მენახემ გადის ძე, ისრაელის, მეფე და ათი წელი იმეფა სამარიაში.
18უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.
19წამოვიდა ფული, აშურის მეფე, ქვეყნისაკენ და მისცა მენახემმა ფულს ათასი ქანქარი ვერცხლი, რომ ყოფილიყო მისი შემწეობის ქვეშ და მტკიცედ სჭეროდა ხელში მეფობა.
20დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელს, ყველა შეძლებულ კაცს - კაცზე ორმოცდაათი შეკელი აშურის მეფისთვის მისაცემად. უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იქ, ქვეყანაში.
21მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
22განისვენა მენახემმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, ფეხაკია გამეფდა.
23იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია მენახემის ძე ისრაელზე სამარიაში და ორი წელი იმეფა.
24უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.
25შეთქმულება მოუწყო მას ფეხაკმა, რემალიაჰუს ძემ, მისმა კარისკაცმა, მიუხდა სამარიაში, მეფის სასახლის დარბაზში, არგობთან და არიასთან ერთად, თან ორმოცდაათი გალაადელი ახლდა - მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად.
26ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
27იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკას რემალიაჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა ოცი წელი.
28უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში; არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.
29ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათფილასარი, აშურის მეფე, აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გალაადი და გალილა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და აშურში გადაასახლა ხალხი.
30შეთქმულება მოუწყო ჰოშეაყ ელიას ძემ ფეკახ რემალიაჰუს ძეს, სძლია მას, მოკლა და გამეფდა მის ნაცვლად იოთამ ყუზიას ძის მეოცე წელს.
31ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
32ისრაელის მეფის, ფეკახ რემალიაჰუს ძის მეორე წელს გამეფდა იოთამ ყუზიას ძე, იუდას მეფე.
33ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.
34სწორად იქცეოდა უფლის თვალში; მამამისი ყუზია როგორც იქცეოდა, ისევე იქცეოდა იგი.
35ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული; ჯერაც გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. მან აღადგინა უფლის სახლის ზემო კარიბჭე.
36იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
37იმხანებში შეუჩინა უფალმა იუდას რეცინი, არამის მეფე, და ფეკახ რემალიაჰუს ძე.
38განისვენა იოთამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით თავისი მამის დავითის ქალაქში და მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა.
Next