Eleos

Contents

თავი - 25

Previous
1თავისი მეფობის მეცხრე წელს, მეცხრე თვის მეათე დღეს წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ, შემოადგა მას და მიწაყრილები შემოავლო ირგვლივ.
2ასე იყო ალყაში ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე.
3თვის მეცხრე დღეს გამძვინვარდა შიმშილობა ქალაქში და არ ჰქონდა პური ქვეყნის ერს.
4გატყდა ქალაქი და გაიქცნენ ღამით მეომრები კარიბჭის გზით ორ კედელს შუა, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ციდკიაჰუმ მიმართა დაბლობისკენ მიმავალ გზას.
5დაედევნა ქალდეველთა ჯარი და მიეწივნენ ერიქონის დაბლობზე. მთელი ჯარი გაეფანტა ციდკიაჰუს.
6შეიპყრეს მეფე და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, და მსჯავრი დასდეს.
7თვალწინ დაუკლეს შვილები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დათხარეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონს მიიყვანეს.
8მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ესე იგი, ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე წელს, მოვიდა ნებუზარდანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მორჩილი, იერუსალიმს.
9და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა.
10დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ჯარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს მოჰყვა.
11ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ, ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ნებუზარდანმა, ქონდაქართუხუცესმა.
12ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა.
13სპილენძის სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.
14ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, სპილენძის ყველა ჭურჭელი, ღვთისმსახურებისას რომ იყენებდნენ, გაზიდეს;
15სასაკმევლეები და სასხურებლები, ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, ქონდაქართუხუცესმა წაიღო.
16წყვილი სვეტი, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის სახლისთვის; წონა არ ჰქონდა სპილენძს, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული.
17თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ედგა; სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე; ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად.
18გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და სამი ზღურბლის მცველი;
19ქალაქიდან გამოიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებზე ზედამხედველობდა, ხუთი კაცი, მეფის პირისმხილეელნი, რომელნიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწერალი, რომელიც იწვევდა ჯარში ქვეყნის ერს, და ექვსასი კაცი ქვეყნის ერიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ.
20აიყვანა ისინი ნებუზარდანმა, ქონდაქართუხუცესმა, და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში.
21დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დაახოცინა რიბლაში, ხამათის მხარეში. ასე აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან.
22იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხს კი, რომელიც დატოვა იქ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად მიუჩინა გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა.
23გაიგეს ჯარის სარდლებმა და მათმა ხალხმა, რომ გედალიაჰუ დანიშნა უფროსად ბაბილონის მეფემ, და ეახლნენ გედალიაჰუს მიცფაში. ესენი იყვნენ: ისმაელ ნეთანიას ძე, იონათან კარეახის. ძე, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი.
24შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ ხალხს და უთხრა: ნუ გეშინიათ ქალდეველთა მორჩილებისა, დასახლდით ქვეყანაში, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და კარგი იქნება თქვენთვის.
25მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი ათი კაცითურთ, და მოკლა გედალიაჰუ, და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ მას.
26ადგა მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და მხედართმთავრები და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით.
27იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდაშვიდი წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდახმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს საპყრობილედან იპატივა იეჰოიაქინი, იუდას მეფე.
28კეთილად ელაპარაკა და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც ბაბილონში ჰყავდა მას.
29გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა იგი პურს მთელი სიცოცხლე.
30სამუდამო იყო მისი სარჩო და ეძლეოდა მეფისაგან ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლე.
Next