Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1მის დროს გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მორჩილი სამ წელიწადს. მერე კვლავ განუდგა მას.
2მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა მოაბელთა და ყამონიანთა ბრბოებს, შეუსევდა ხოლმე იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.
3უფლის ნებით ხდებოდა ეს იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა იგი მენაშეს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო.
4იმ უბრალოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი, არ ინება უფალმა მისი პატიება.
5იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
6განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა.
7მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა - ეგვიპტის მდინარიდან მდინარე ევფრატამდე.
8თვრამეტი წლის იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან.
9უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი იქცეოდა.
10ამ დროს დაიძრნენ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მოლაშქრეები იერუსალიმისკენ და შემოადგნენ ქალაქს.
11მოადგა ბაბილონის მეფეც, ნაბუქოდონოსორი, ქალაქს, როცა მის მოლაშქრეებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული ქალაქი.
12გავიდა იეჰოიაქინ იუდას მეფე ბაბილონის მეფესთან, გავიდნენ დედამისიც, მისი მორჩილნიც, დიდებულებიც, კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ მისი მეფობის მერვე წელს.
13გაზიდა იქიდან უფლის სახლის მთელი საგანძური და მეფის სახლის საგანძური, დაამტვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გაკეთებული ჰქონდა სოლომონ ისრაელის მეფეს უფლის ტაძარში უფლის ბრძანებისამებრ.
14აჰყარა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი - ათი ათასი კაცი იყო აყრილი, ყველა ხელოსანი და მშენებელი, არავინ დარჩენილა ქვეყნის ერის გარდა.
15გადაასახლა იეჰოიაქინი ბაბილონს; მეფის დედაც, მეფის ცოლებიც, მისი კარისკაცებიც, ქვეყნის თავკაცნი წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში დასასახლებლად.
16მეომრები - შვიდი ათასი კაცი, ხელოსნები და მშენებლები - ათასი კაცი, ყველა ვაჟკაცი, ომის შემძლე, წაასხა ბაბილონის მეფემ ბაბილონში დასასახლებლად.
17მეფედ დასვა ბაბილონის მეფემ იეჰოიაქინის ნაცვლად მისი ბიძა, მათანია, და სახელად ციდკიაჰუ დაარქვა.
18ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
19უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა.
20მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. ხოლო ციდკიაჰუ განუდგა ბაბილონის მეფეს.
Next