თავი - 23
Previous1შეუთვალა მეფემ და შეიკრიბა მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი.
2ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყოველი მცხოვრებნი, მასთან ერთად მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს.
3შედგა მეფე ამაღლებულზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის ბრძანებებს, მის გაფრთხილებებს და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მოიწონა აღთქმა მთელმა ერმა.
4გამოატანინა მეფემ ხილკია მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაალისთვის, ამ აშერასათვის და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კედრონის ყანებში, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.
5გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში, და ბაალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გუნდრუკის მკმეველნი.
6გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა.
7დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას.
8გამოყარა იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ისინი გუნდრუკს, გებაყიდან ბერშებამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი - ქალაქის მთავრის, იესოს, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე - ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ.
9თუმცა გორაკთა მღვდლები არ აღავლენდნენ უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში, მაგრამ ხმიადებს კი ჭამდნენ თავიანთ მოძმეებთან ერთად.
10წაბილწა თოფეთი, ჰინომის ძეთა ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ვაჟი ან ასული.
11გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას ნეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი უფლის სახლში შესასვლელის წინ, კარისკაც ნათან-მელექის პალატთან, გარეუბანში რომ არის; მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
12სამსხვერპლოებიც, ახაზისეული სამყოფელის ბანზე იუდას მეფეებმა რომ აღმართეს, და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მენაშემ უფლის სახლის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კედრონის ხევში ჩაყარა მისი ფერფლი.
13წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, რომლებიც სოლომონ ისრაელის მეფემ მოუწყო აშთორეთს, ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს, მოაბის სიბილწეს, და მილქომს, ყამონიანთა სისაძაგლეს.
14დაამტვრია სვეტები და გაჩეხა მუხნარი, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი.
15ბეთელის სამსხვერპლოც და ისრაელის შემაცდენელის, იერობოამ ნაბატის ძის გამართული გორაკი, ეს სამსხვერპლოც და გორაკი დაანგრია; გადაწვა გორაკი და გააცამტვერა, გადაწვა აშერაც.
16გაიხედა იოშიამ და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო, ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები, სამსხვერპლოზე დააწვევინა და ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც გამოცხადებული ჰქონდა ღვთისკაცს, რომელმაც წინასწარ აუწყა ეს ამბები.
17თქვა: ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ? მიუგეს ქალაქის მცხოვრებლებმა: იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეგყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს.
18თქვა: მოასვენეთ, ნურვინ დაძრავს მის ძვლებს. ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები.
19ასევე გორაკთა ყველა სახლი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში.
20სამსხვერპლოებზე დაკლა გორაკთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა ადამიანის ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა.
21ასე უბრძანა მეფემ მთელს ერს: მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში სწერია.
22რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში.
23მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს მომზადდა ეს პასექი უფლისათვის იერუსალიმში.
24ასევე მესულთანეებიც, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვნა ხილკია მღვდელმა.
25არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიე მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი არსებით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი.
26მაგრამ არ მოჰბრუნებია გული უფალს დიდი რისხვისაგან, რომელიც აღიგზნო იუდაში ყველა იმ წყენის გამო, მენაშემ რომ აწყენინა მას.
27თქვა უფალმა: იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე; არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, იერუსალიმს და სახლს, რომელზეც ვთქვი, აქ იქნება-მეთქი ჩემი სახელი.
28იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
29მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ, მდინარე ევფრაგზე. გაემართა მეფე იოშია მის შესახვედრად, და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე.
30წაასვენეს იგი მისმა მორჩილებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიას ძე, სცხო ზეთი და მამამისის ნაცვლად გაამეფა.
31ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
32უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპანი იქცეოდნენ.
33დააკავა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა, და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო.
34გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას, ნაცვლად და დაარქვა სახელად იეჰოიაკიმი. ადგა იეჰოახაზი და წავიდა ეგვიპტეს და იქ მოკვდა.
35ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს. ოღონდ ქვეყანაზე გაანაწილა ფარაონის ბრძანებისამებრ მისაცემი ვერცხლი; ქვეყნის ერში თითოეულს მისი შეძლების მიხედვით დააკისრა ფარაონ ნექოსათვის მისცემი ვერცხლი.
36ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ზებუდა, ფედიას ასული, რუმადან.
37უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა იქცეოდა.
Next