Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,
2მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.
3უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი; მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება.
4შენ კი, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა წმიდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
5განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში სამარადისოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის მითქვამს: არ გაგიწყდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომელი.
6მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და წესებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანსსცემთ მათ,
7გავწყვეტ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მას მივეცი, მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემს სახელზე ვაკურთხე, და საიგავოდ და დასაცინად შეიქნება ისრაელი ხალხთა შორის.
8ნანგრევად იქცევა ეს სახლი, და ყოველი ჩამვლელი გაოგნდება და დაუსტვენს, იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?
9იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამა-პაპა, მოეჭიდნენ სხვა ღმერთებს, თაყვანსსცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ. ამის გამო დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.
10ოცი წლის თავზე იყო, რომ დაასრულა სოლომონმა ორი სახლის - უფლის სახლისა და სამეფო სახლის შენება.
11რადგან ხირამი, ტვიროსის მეფე, უგზავნიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს და ოქროს მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა მისცა ხირამს ოცი ქალაქი გალილეის მხარეში.
12წარვიდა ხირამი ტვიროსიდან სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.
13თქვა: ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ძმაო? და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა და ასე ეწოდება დღემდე.
14გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო.
15ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.
16ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა. ამოხოცა მისი მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
17ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,
18ბაყალათი და თადმორი, ქვეყნის უდაბნოში,
19სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში და ლიბანში, და მთელს თავის სახელმწიფოში.
20ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზეველთაგან, ხივიელთაგან და იებუსეველთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,
21მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეეანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.
22ისრაელიანთაგან არავისთვის დაუკისრებია ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მორჩილებად, მეთაურებად და სარდლებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად.
23ხუთას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც უძღოდნენ მომუშავე ხალხს.
24ფარაონის ასული ავიდა დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა მას დავითმა. მაშინ ააშენა მან მილო.
25წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი აღსავლენ სამადლობელ მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა; და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე დაასრულა სახლი.
26ხომალდი ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, მეწამული ზღვის ნაპირას, ედომის ქვეყანაში.
27გაგზავნა ხირამმა ხომალდით სოლომონის მორჩილებთან თავისი მორჩილნი - ხომალდის ოსტატები, ზღვის მცოდნენი;
28მივიდნენ ისინი ოფირში და წამოიღეს იქიდან ოთხას ოცი ქანქარი ოქრო და მოართვეს მეფე სოლომონს.
Next