თავი - 10
Previous1მისწვდა საბას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი.
2მოვიდა იერუსალიმში დიდძალი დოვლათით; აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები. მოვიდა სოლომონთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.
3ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა; არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი.
4დაინახა საბას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე, ნახა მისი აშენებული სახლი,
5მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მორჩილთა საცხოვრებელი, მის მორჩილთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები, აღსავლენი მსხვერპლი, რომელსაც აღავლენდა უფლის სახლში, და გაოგნებულმა
6უთხრა მეფეს: მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე.
7სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა.
8ბედნიერია შენი ხალნი, ბედნიერები არიან ეს შენი მორჩილნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს:
9კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა ისრაელის ტახტზე დაესვი. უფლის მარადიული სიყვარულის გამო ისრაელისადმი დაუდგენიხარ მეფედ სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.
10უბოძა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალიო ნელსაცხებელი და ძვირფასი თვლები. მეტჯერ აღარ შემიასულა ამდენი ნელსაცხებელი, რამდენიც საბას დედოფალმა უბოძა მეფე სოლომონს.
11ხირამის ხომალდმაც, რომელსაც ოქრო მოჰქონდა ოფირიდან, მოიტანა ოფირიდანვე დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი თვლები.
12გააკეთა მეფემ სანდალოზისგან მოაჯირი უფლის სახლისთვის და სამეფო სახლისთვის, ებნები და ქნარები მგალობელთათვის. მეტჯერ აღარ შემოსულა და დღემდე არავის უნახავს ამდენი სანდალოზის ხე.
13მისცა მეფე სოლომონმა საბას დედოფალს ყველაფერი, რაც კი მან ინება და სთხოვა, გარდა იმისა, რაც თავისი ხელით ჰქონდა ნაჩუქარი, როგორც მეფე სოლომონს ეკადრებოდა. უკან გაბრუნდა და წავიდა იგი თავის ქვეყანაში თავის მორჩილებთან ერთად.
14ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად
15იმის გარდა, რაც შემოჰქონდათ მოგზაურებს და ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა განმგებლებს.
16გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი მუზარადი ნაჭედი ოქროსგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ მუზარადზე.
17და სამასი ფარი ნაჭერი ოქროსგან, სამი მანა ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში.
18გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი დაფერა.
19ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, საზურგე მომრგვალებული იყო, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით.
20ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა; არცერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ.
21სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული ოქროსი იყო; ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს.
22რადგან მეფის თარშიშული ხომალდები ხირამის ხომალდებთან ერთად გადიოდა ზღვაში; წელიწადში ერთხელ მოდიოდა თარშიშული ხომალდი და მოჰქონდა ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდა ყაფუზუნები და ფარშავანგები.
23ქვეყნიერების ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი დოვლათითა და სიბრძნით.
24მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა.
25ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები. ასე იყო ყოველწლიურად.
26თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს; ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი; განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.
27ვერცხლი ქვის ფასი გახადა მეფემ იერუსალიმში, ხოლო კედარი გაამრავლა სიკომორის ხესავით, დაბლობებში რომ არის.
28სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი; მეფის ვაჭრებს მიჰყავდათ კევედან საფასურით.
29ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები - ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მიჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც.
Next