თავი - 11
Previous1მეფე სოლომონს უყვარდა ბევრი უცხოელი ქალი: ფარაონის ასული, მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები,
2იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელიანთათვის, ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენო თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ. მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით.
3ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. და მიდრიკეს მისი გული ცოლებმა.
4სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის გული.
5დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის - აშთორეთის და ყამონელთა სიბილწის, მილქომის კვალზე.
6უკეთურებას სჩადიოდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი.
7მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქამოშს, მოაბის საბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონიანთა სიბილწეს.
8ასევე მოიქცა თავის ყველა უცხოელ ცოლის გულისთვის, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავ-თავის ღმერთებს.
9განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე, ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას,
10და უბრძანა, არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს. მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
11უთხრა უფალმა სოლომონს: იმის გამო, რომ ასე იქცევი, არ ასრულებ ჩემს აღთქმას და წესებს, რომლებიც დამიწესებია შენთვის, გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მორჩილს.
12ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას მამაშენის, დავითის გულისთვის. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან.
13მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ; ერთ შტოს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე.
14გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს: ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა შთამომავალი.
15ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხავად და ერთიანად გაწყვიტა მამაკაცები ედომში
16(რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და ისრაელიანები, ვიდრე არ მოსპეს მამაკაცის სახსენებელი ედომში),
17გაიქცა ეს ჰადადი ედომელებთან, მამამისის მორჩილებთან ერთად, რომ ეგვიპტეში მისულიყვნენ. პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი.
18აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს; წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მოვიდნენ ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან. მისცა სახლი, სარჩოც დაუნიშნა და მიწაც მისცა.
19პოვა მადლი ჰადადმა ფარაონის თვალში და მიათხოვა ცოლად თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და.
20უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. გაზარდა ბავშვი თახფენესმა ფარაონის სახლში და ცხოვრობდა გენუბათი ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად.
21როცა მიუვიდა ამბავი ეგვიპტეში ჰადადს, რომ განისვენა დავითმა თავის მამა-პაპასთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი, უთხრა ჰადადმა ფარაონს: გამიშვი, ჩემს ქვეყანაში წავალო.
22უთხრა ფარაონმა: რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში რომ განიზრახე წასვლა? მიუგო: არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი.
23კიდევ გაუჩინა მას ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადადყეზერს, ცობის მეფეს, თავის პატრონს,
24შემოიკრიბა ხალხი და შეიქნა ურდოს მეთაური. ჟლეტდა მათ დავითი და გაიქცნენ ისინი დამასკოში, დასახლდნენ იქ და დაეპატრონენ დამასკოს.
25ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის სიცოცხლეში; იმ ხანად, როცა ჰადადი მტრობდა, მასაც შეძულებული ჰყავდა ისრაელი. არამელებზე გამეფდა იგი.
26იერობოამ ნაბატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მორჩილმა, რომლის დედა იყო ცერუყა, ქვრივი ქალი, აღმართა ხელი მეფეზე.
27აი, რის გამო მოხდა, ხელი რომ აღმართა მან მეფე სოლომონზე: მილოს აშენებდა სოლომონი; დანგრეულს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.
28მამაცი კაცი იყო იერობოამი. დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი და ჩააბარა მას იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.
29ისე მოხდა იმხანად, რომ გასული იყო იერუსალიმიდან იერობოამი და შემოხვდა გზად სილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ესხა. ამ ორის მეტი არავინ იყო მინდვრად.
30აიღო ახიამ ახალი მოსასხამი, მოსხმული რომ ჰქონდა, და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.
31უთხრა იერობოამს: აიღე შენთვის ათი ნაგლეჯი, რადგან ასე ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემო ათ შტოს.
32ერთი შტო მას დარჩება ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, ქალაქისა, რომელიც ავირჩიე მე ისრაელის ყველა შტოდან.
33ის იმიტომ, რომ დამივიწყეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ფინიკიელთა ღმერთს, ქამოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონიანთა ღმერთს. არ იარეს ჩემს გზაზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემ თვალში, დაეცვათ ჩემი წესი და სამართალი, როგორც მამამისი დავითი იცავდა.
34არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დამიდგენია იგი მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და წესებს.
35მის შვილს გამოვგლეჯ ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ ათ შტოს.
36ხოლო მის შვილს ერთ შტოს მივცემ, რომ სამუდამოდ დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასავანებლად.
37ახლა შენ ამყავხარ, რომ იმეფო ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს და რომ ისრაელის მეფე გახდე.
38თუ შეისმენ ყველაფერს, რაც მე გიბრძანე და ივლი ჩემს გზაზე, თუ გააკეთებ ჩემს მოსაწონს, დაიცავ ჩემს წესებს და მცნებებს, როგორც ჩემი მორჩილი დავითი აკეთებდა, მაშინ შენთან ვიქნები, აგიშენებ მტკიცე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.
39მოვთრგუნავ ამის გულისთვის დავითის მონაგარს, ოღონდ არა სამუდამოდ.
40ეწადა სოლომონს იერობოამის მოკვლა, მაგრამ ადგა და გაიქცა იერობოამი ეგვიპტეში შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე.
41სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნის ამბავი სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი.
42ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.
43განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში, და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე რობოამი.
Next