Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1წავიდა შექემში რობოამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
2ეს ამბავი იერობოამ ნაბატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას შეიტყო, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული; მას შემდეგ ეგვიპტეში ცხოვრობდა იერობოამი.
3შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდნენ იერობოამი და ისრაელის მთელი კრებული და ასე უთხრეს რობოამს.
4უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა; ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამსახური და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვაკისრა, და გემსახურებით.
5მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.
6რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?
7ასე უთხრეს: თუ დღეს მაგ ხალხის მორჩილი იქნები, დაემორჩილები და დააკმაყოფილებ მათ, კარგ სიტყვებს ეტყვი, მაშინ შენი მორჩილნი იქნებიან სამუდამოდ.
8არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეებს, რომელნიც მასთან შეზრდილნი იყვნენ და გარს ეხვივნენ.
9უთხრა მათ: რას მირჩევთ, რა ვუპასუხო მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენის დაკისრებული უღელი?
10ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება, უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და ახლა შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკათითი.
11ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
12მოვიდნენ იერობოამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რობოამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდით ჩემთან.
13მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა უხუცესთა რჩევას, რაც ურჩიეს.
14მოყმეთა რჩევის თანახმად ელაპარაკა და უთხრა მათ: ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უარესად დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
15არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოამ ნაბატის ძისთვის ახია სილოამელის პირით.
16როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან? შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენს სახელს, დავით! და თავთავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი.
17მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს.
18გაგზავნა მეფე რობოამმა ადორამი, ხარკის ამკრეფი, მაგრამ ქვებით ჩაქოლა ხალხმა, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახდა ეტლზე მეფე რობოამი და იერუსალიმში გაიქცა.
19განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.
20როცა შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობოამი, დაიბარეს საკრებულოში და გაამეფეს მთელს ისრაელზე. ერთადერთი იუდას შტო იყო, რომ შერჩა დავითის სახლს.
21მივიდა რობოამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის შტო - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელის სახლს და დაებრუნებინათ მეფობა რობოამ სოლომონის ძისთვის.
22გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
23ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდასა და ბენიამინის. მთელს სახლს და დანარჩენ ხალხს;
24ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან, ისრაელიანებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ირწმუნეს უფლის სიტყვა და უფლის სიტყვისამებრ გაბრუნდნენ უკან.
25ააშენა იერობოამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა.
26ამბობდა თავის გულში იერობოამი: კვლავ დაუბრუნდებაო მეფობა დავითის სახლს.
27თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ, მე მომკლავენ და რობოამთან, იუდას მეფესთან დაბრუნდებიანო.
28ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
29ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა.
30ეს იყო ცოდვის დასაბამი. დაიწყო ხალხმა სიარული ხბოების თაყვანისსაცემად თვით დანამდე.
31ააშენა გორაკის სახლი და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომელიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა.
32დააწესა იერობოამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ ხბოებისთვის, რომლებიც გააკეთა; დაუდგინა ბეთელში მღვდლები გორაკებს, რომლებიც აღმართა.
33ავიდა თავის აგებულ სამსხვერპლოზე მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია; დაუწესა დღესასწაული ისრაელიანებს და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად.
Next