თავი - 13
Previous1აჰა, მოვიდა ღვთისკაცი იუდადან ბეთელს უფლის შეგონებით, როცა იერობოამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად.
2დასძახა სამსხვერპლოს უფლის სახელით და თქვა: სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი. ზედ დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს გიკმევენ, და შენს თავზე დაწვავენ ადამიანთა ძვლებს.
3ნიშანიც გაუცხადა იმავე დღეს, თქვა: აჰა, იმის ნიშანი, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვა: აჰა, დაიშლება სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია.
4როცა გაიგონა მეფემ ღვთისკაცის სიტყვა, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, წამოიღო ხელი სამსხვერპლოდან და ბრძანა: შეიპყარით! და უმალვე გაუხმა მისკენ მიშვერილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება.
5დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის შეგონებით.
6ხმა ამოიღო მეფემ და უთხრა ღვთისკაცს: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელის უკან წაღება შევძლო. შეევედრა ღვთისკაცი უფალს და შეძლო მეფემ უკან წაეღო ხელი, რომელიც აღუდგა, როგორც ჰქონდა.
7უთხრა მეფემ ღვთისკაცს: სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და საჩუქარსაც მოგცემ.
8მიუგო ღვთისკაცმა მეფეს: ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს დავლევ ამ ადგილას.
9რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ დალევ, და ნურც იმ გზით დაბრუნდები, საიდანაც მოხვედი.
10სხვა გზით წავიდა იგი, იმ გზით არ გაბრუნებულა, რომლითაც მოვიდა ბეთელს.
11ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში. მოვიდა მისი შვილი და უამბო ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა გააკეთა იმ დღეს ბეთელში; მეფესთან მისი ნალაპარაკევიც უამბეს მამას.
12შეეკითხა მამა: რომელი გზით წავიდა? დაანახეს შვილებმა გზა, რომლითაც იუდადან მოსული ღვთისკაცი წავიდა.
13უთხრა შვილებს: შემიკაზმეთ სახედარი. მათაც შეუკაზმეს სახედარი და ზედ შეჯდა.
14და გაჰყვა ღვთისკაცს. მუხის ქვეშ მჯდომარე იპოვა იგი და უთხრა: შენა ხარ ის ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული? მიუგო: მე ვარ.
15უთხრა: სახლში წამომყევი და ჭამე პური.
16მიუგო: ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან შემოვალ. ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს დავლევ ამ ადგილას.
17რადგან ნაბრძანები მაქვს უფლის სიტყვით: ნუ შეჭამ პურს, ნურც წყალს დალევ იქ, ნურც იმ გზით გაბრუნდები, რომლითაც მოხვედი.
18უთხრა: მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ; ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პური ჭამოს და წყალიც დალიოსო. იცრუა მან.
19დაბრუნდა მასთან ერთად; პური ჭამა მის სახლში და წყალიც დალია.
20სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა კაცი.
21და მან შეუძახა იუდადან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: ასე ამბობს უფალი: რაკი უფლის სიტყვას გადახვედი და არ შეასრულე მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს ჰქონდა შენთვის ნაბრძანები,
22დაბრუნდი, პური ჭამე და წყალი შესვი ამ ადგილს, რომელზეც გიბრძანა, ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს შესვამო, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამაპაპის საფლავში.
23პურის ჭამისა და წყლის დალევის შემდეგ შეუკაზმა სახედარი იმ კაცს, წინასწარმეტყველს, რომელიც უკან დააბრუნა.
24წავიდა და შემოეყარა გზად ლომი, და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი და სახედარი ედგა გვერდით, ლომიც იდგა გვამთან.
25დაინახა ჩამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და გვამთან მდგომი ლომი; მივიდნენ და მიუტანეს ამბავი ქალაქში, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა.
26გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან დააბრუნა ის კაცი და თქვა: ეს ის ღვთისკაცია, უფლის ბრძანებას რომ გადავიდა. უფალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუტორავს და მოუკლავს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.
27ასე უთხრა თავის შვილებს: შემიკაზმეთ სახედარი. მათაც შეუკაზმეს.
28წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან. ლომს არც გვამი შეუჭამია და არც სახედარი დაუგლეჯია.
29აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, აჰკიდა სახედარს და უკან წამოიღო. მოვიდა თავის ქალაქში მოხუცი წინასწარმეტყველი მის დასატირებლად და დასამარხავად.
30ჩაასვენა გვამი თავის სამარხში და დასტიროდა მას: ვაი, ძმაო!
31დამარხა და უთხრა თავის შვილებს: როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია; მისი ძვლების გვერდით დაასვენეთ ჩემი ძვლები.
32რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.
33ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობოამს ბოროტ გზაზე სიარული, კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს. ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი.
34ეს იყო მიზეზი, რომ ცოდვაში ჩავარდა იერობოამის სახლი, რომ მოისპო და წარიხოცა მიწის პირისგან.
Next