თავი - 14
Previous1ამ დროს ავად გახდა იერობოამის ძე, აბია.
2უთხრა ცოლს იერობოამმა: ადექი და გადაიცვი, რომ ვერ გიცნონ, იერობოამის ცოლი რომ ხარ, და წადი სილოამს. იქ არის ახია, წინასწარმეტყველი; მან მითხრა, ამ ერის მეფე გახდებიო.
3ხელში აიღე ათი პური, ნამცხვრები, ერთი ქილა თაფლი, მიდი მასთან და ის გეტყვის, რა დაემართება ბავშვს.
4ასეც მოიქცა იერობოამის ცოლი. ადგა და წავიდა სილოამს, და მივიდა ახიას სახლში. მაგრამ ვეღარ ხედავდა ახია, რადგან სიბერის გამო თვალის ჩინი წართმეოდა.
5უფალმა უთხრა ახიას: აჰა, იერობოამის ცოლი მოდის შენთან, ავადმყოფი ბავშვის ამბავი რომ გკითხოს, ასე და ასე ელაპარაკე. როცა მოვა, გადაცმული იქნება.
6როცა გაიგონა ახიამ კართან მომდგარი ქალის ფეხის ხმა, დაიძახა: შემოდი, იერობოამის ცოლო! რისთვის გადაგიცვამს. მძიმე ამბავი უნდა გამცნო.
7წადი, უთხარი იერობოამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: მე აღგაზევე შენ ამ ერში და ისრაელის ერისმთავრად დაგადგინე.
8მე გამოვგლიჯე დავითის სახლს მეფობა და შენ მოგეცი, თუმცა არ გავხარ ჩემს მორჩილს დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა უკან და მხოლოდ სიმართლეს სჩადიოდა ჩემს თვალში.
9შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა; წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს განსარისხებლად. თავად მე ზურგს უკან მომისროლე.
10ამიტომ, აჰა, უბედურებას დავატეხ იერობოამის სახლს და ამოვძირკვავ ყველას, ვინც კი კედელთან მშარდავი ჰყავს იერობოამს, ყმასა და აზატს ისრაელში; გავხვეტავ იერობოამის სახლს, როგორც პირწმინდად გახვეტენ ხოლმე ნაგავს.
11ვინც ქალაქში მოუკვდება იერობოამს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც გარეთ მოკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. რადგან ასე ბრძანა უფალმა.
12ახლა ადექი და შენს სახლში წადი, ქალაქში შეადგამ თუ არა ფეხს, მოკვდება ბავშვი.
13დაიტირებს მთელი ისრაელი და დამარხავენ; ეგ ერთადერთი ჩაუვა იერობოამს საფლავში, რადგან იერობოამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში აღმოჩნდა სიკეთე უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
14უფალი დაადგენს თავის მეფეს ისრაელზე, რომელიც მოსპობს იერობოამის სახლს იმ დღეს, და რატომ ახლავე არა?
15დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი წყალზე მოქანავე ლერწამს, აღმოფხვრის ისრაელს ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამა-პაპას მისცა, და მდინარის გაღმა გადარეკავს, რადგან აშერები გაიჩინეს უფლის გასარისხებლად.
16გასწირავს ისრაელს იერობოამის გამო, თავადაც რომ სცოდა და ისრაელიც რომ შეიყვანა ცოდვაში.
17ადგა იერობოამის ცოლი და წავიდა. მივიდა თირცაში და ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდა, მოკვდა ყმაწვილი.
18დამარხეს და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს ახია წინასწარმეტყველის პირით.
19იერობოამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
20ხანი იერობოამის მეფობისა იყო ოცდაორი წელი. განისვენა მან თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, ნადაბი გამეფდა.
21ხოლო სოლომონის ძე რობოამი იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლისა იყო რობოამი, როცა გამეფდა და ჩვიდმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში, იმ ქალაქში, რომელიც ისრაელის ყველა შტოდან ამოირჩია უფალმა თავისი სახელის დასამკვიდრებლად. მისი დედა იყო ნაყამა, ყამონელი ქალი.
22ბოროტად იქცეოდა იუდა უფლის თვალში და თავიანთ მამა-პაპას გადაამეტეს ცოდვებში, რითაც გულისწყრომით ავსებდნენ უფალს.
23მათაც გაიშენეს გორაკები, სვეტები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ხემხვივანის ქვეშ.
24როსკიპნიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც აყარა უფალმა ისრაელიანებისგან.
25რობოამის მეფობის მეხუთე წელს დაესხა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს.
26წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო; წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.
27დაამზადა მეფე რობოამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა ისინი მალემსრბოლთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ.
28ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მალემსრბოლებს მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მალემსრბოლელთა ოთახში.
29რობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
30გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
31განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში, დედამისი იყო ნაყამა, ამონელი ქალი. მის ნაცვლად მისი ძე აბიამი გამეფდა.
Next