თავი - 15
Previous1იერობოამ ნაბატის ძის მეფობის მეთვრამეტე წელს აბიამი გამეფდა იუდაზე.
2სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში; დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
3დადიოდა ყველა იმ ცოდვებით, რასაც მასზე წინ მამამისი სჩადიოდა. არ იყო სრულად მინდობილი მისი გული უფლისადმი, როგორც მამამის, დავითის, გული.
4უფალმა, მისმა ღმერთმა, დავითის გამო მისცა მას ლამპარი, იერუსალიმში რომ დაუსვა ძე მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი.
5რადგანაც სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში და არასოდეს უღალატნია უფლის მცნებისათვის, გარდა ხეთელი ურიას შემთხვევისა.
6გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
7აბიამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ომი იყო ამტყდარი აბიამსა და იერობოამს შორის.
8განისვენა აბიამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა.
9ისრაელის მეფის, იერობოამის მეოცე წელს გამეფდა ასა იუდაზე,
10და ორმოცდაერთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
11სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში ასა მამამისის, დავითის მსგავსად.
12გაყარა როსკიპები ქვეყნიდან, ერთიანად მოიშორა კერპები, რომლებიც მის მამა-პაპას ჰქონდათ გაკეთებული,
13თავისი დედაც კი, მაყაქა, დედოფლობას მოაშორა, გადგან კერპი ჰქონდა დადგმული აშერასთვის. აჩეხა ასამ მისი კერპი და კედრონის ხევში დასწვა.
14ოღონდ გორაკები არ მოუშორებია. მაგრამ სრულად იყო ასას გული მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე.
15შეიტანა უფლის სახლში მის მიერ შეწირული და მამამისის მიერ შეწირული ნივთები - ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი.
16გამუდმებული ომი იყო ასასა და ბაყაშას, ისრაელის მეფეს, შორის.
17გავიდა ბაყაშა ისრაელის მეფე იუდას წინააღმდეგ და ააშენა რამა, რათა არვინ გამოეშვა ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შეეშვა მასთან.
18აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი, და მისცა ხელში თავის მორჩილთ. მიაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ძესთან ტაბრიმონისა, ბენ-ხეზიონის ძისა, არამელთა მეფესთან, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა:
19იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო; აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს. გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.
20დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-ბეთ-მაყაქა, მთელი ქინეროთი და ნაფთალის მთელი მხარე.
21ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და თირცაში დარჩა.
22მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელს იუდას და გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რასაც სამშენებლოდ იყენებდა ბაყაშა. ააშენა ამით მეფე ასამ ბენიამინის გება და მიცფა.
23ასას დანარჩენი საქმენი და ყეელა მისი გმირობა, ყველაფერი, რაც გააკეთა, ქალაქები რომ ააშენა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ოღონდ სიბერეში ფეხები ასტკივდა.
24განისვენა ასამ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა.
25ისრაელზე კი იერობოამის ძე ნადაბი გამეფდა იუდას მეფის, ასას, მეორე წელს, და ორი წელი მეფობდა ისრაელზე.
26ბოროტად იქცეოდა იგი უფლის თვალში, მიჰყვებოდა მამის გზას და მის ცოდვებს და ისრაელსაც აცთუნებდა.
27შეთქმულება მოუწყო მას ბაყაშა ახიას ძემ, ისაქარელმა, და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმის გიბეთონში, როცა ნადაბი და მთელი ისრაელი გიბეთონს ედგნენ ალყად.
28მოკლა იგი ბაყაშამ იუდას მეფის, ასას, მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
29გამეფდა თუ არა, მუსრი გაავლო იერობოამის მთელს სახლს, ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობოამს, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურა უფლის სიტყვისამებრ, როგორც თავისი მორჩილის, სილოამელი ახიას პირით ბრძანა,
30იერობოამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელიც რომ აცთუნა, როცა გულისწყრომით აავსო უფალი, ისრაელის ღმერთი.
31ნადაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეში არის ჩაწერილი.
32გამუდმებული ომი იყო ასასა და ისრაელის მეფის, ბაყაშას შორის.
33იუდას მეფის, ასას, მესამე წელს გამეფდა ბაყაშა ახიას ძე ისრაელზე თირცაში და ოცდაოთხი წელი იმეფა.
34ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობოამის გზას და მის ცოდვებს და ისრაელსაც აცთუნებდა.
Next