თავი - 16
Previous1გამოეცხადა უფლის სიტყვა იეჰუ ხანანის ძეს ბაყაშას წინააღმდეგ:
2მიწის მტვერიდან აგამაღლე და ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად დაგადგინე, მაგრამ რაკი იერობოამის გზას მიჰყვები, აცთუნებ ჩემს ერს, ისრაელს, და მაჯავრებ მათი ცოდვებით,
3აჰა, მოვსპობ ბაყაშას კვალს და მისი სახლის კვალს; იმასვე დავმართებ შენს სახლს, რაც იერობოამ ნაბატის ძის სახლს დავმართე.
4ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ; ვინც მინდვრად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.
5ბაყაშას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობები, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
6განისვენა ბაყაშამ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თირცაში. მის ნაცვლად მისი ძე, ელა, გამეფდა.
7წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშას გამო და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში სჩადიოდა იგი, რომ აჯავრებდა თავისი ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობოამის სახლს, და იმის გამოც, რომ მოსპო იგი.
8იუდას მეფის ასას ოცდამეექვსე წელს გამეფდა და ბაყაშას ძე ისრაელზე თირცაში და იმეფა ორი წელი.
9მოუწყო შეთქმულება მისმა მსახურმა ზიმრიმ, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაურმა. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის, არცას სახლში,
10როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
11როგორც კი გამეფდა და დაჯდა მის ტახტზე, მუსრი გაავლო ბაყაშას მთელს სახლს, არავინ დაუტოვა კედელთან მშარდავი, არც ნათესავი და არც მეგობარი.
12მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ბაყაშაზე იეჰუ წინასწარმეტყველის პირით,
13ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ბაყაშამ და ელამ ჩაიდინეს, და იმის გამოც, რომ აცთუნებდნენ ისრაელს და თავიანთი კერპებით აჯავრებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
14ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
15იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი და იმეფა შვიდ დღეს თირცაში. ამ დროს იყო, რომ შემოადგა ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონს.
16შეიტყო დაბანაკებულმა ხალხმა, რომ აჯანყდა ზიმრი და მოკლა მეფე, და იმათაც იმავე დღეს, ბანაკში გაამეფეს ისრაელზე ყომრი, ისრაელის მხედართმთავარი.
17დაიძრა ყომრი და მთელი ისრაელი მასთან ერთად გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს თირცას.
18როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებული იყო ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის ბალატში და თავზე გადაიბუგა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი.
19იმ ცოდვების გამო, რასაც სჩადიოდა, ბოროტად რომ იქცეოდა უფლის თვალში, რომ მიჰყვებოდა იერობოამის გზას და ცოდვებს, იერობოამი რომ სჩადიოდა ისრაელის საცთუნებლად.
20ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
21მაშინ გაიყო ისრაელის ერი ორ ნაწილად: ხალხის ერთი ნაწილი თიბნი გინათის ძის მხარეზე იყო, რომ გაემეფებინათ იგი, მეორე ნაწილი ყომრის უჭერდა მხარს.
22აჯობა ყომრის მომხრე ხალხმა თიბნი გინათის ძის მომხრე ხალხს. მოკვდა თიმნი და გამეფდა ყომრი.
23იუდას მეფის, ასას, ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტი წელი იმეფა ექვს წელს თირცაში მეფობდა იგი.
24მან იყიდა სამარიის მთა შემერისგან ორ ქანქარ ვერცხლად და გააშენა ეს მთა; და მთის პატრონის, შემერის სახელზე თავის გაშენებულ ქალაქს სამარია (შომრონ) უწოდა.
25ბოროტად იქცეოდა ყომრი უფლის თვალში და გადაამეტა ბოროტებაში ყველას, ვინც მასზე ადრე იყო.
26მიჰყვებოდა იერობოამ ნაბატის ძის გზას და მის ცოდვებს, რომლითაც აცთუნა იერობოამმა ისრაელი და თავისი კერპებით გააჯავრა უფალი, ისრაელის ღმერთი.
27ყომრის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა და გმირობანი, რაც ჩაიდინა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
28განისვენა ყომრიმ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე, აქაბი, გამეფდა.
29ყომრის ძე გამეფდა ისრაელზე იუდას მეფის, ასას, ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა აქაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში ოცდაორი წელი.
30ბოროტად იქცეოდა აქაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მასზე ადრე იყო.
31არ იკმარა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული, და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული. დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა.
32აღუმართა სამსხვერპლო ბაალს ბაალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა.
33გააკეთა აქაბმა აშერა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აჯავრებდა აქაბი უფალს, ისრაელის ღმერთს.
34მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხონი. თავს პირმშოზე, აბირამზე, დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით.
Next