Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი - ისრაელიანთა მამისსახლების უფროსები მეფე სოლომონთან იერუსალიმში, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან.
2შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი ეთანიმის თვეში, ანუ მეშვიდე თვეში, დღესასწაულის დროს.
3მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და მღვდლებმა ასწიეს კიდობანი.
4და წაასვენეს უფლის კიდობანი და სადღესასწაულო კარავი. წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა.
5მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.
6დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.
7რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და კეტებს.
8კეტები იმ სიგრძის იყო, რომ მხოლოდ მათი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან, დაბირის წინ, და არ ჩანდა გარეთ. დღემდე იქ არის ისინი.
9არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.
10როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდათა წმიდიდან, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლი.
11ვეღარ დადგნენ სამსახურისთვის იქ მღვდლები ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი.
12მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.
13სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებელად.
14პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.
15თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა რასაც ამბობდა:
16იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელი, ისრაელის არცერთ შტოში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი. ავირჩიე დავითი, რომ მას ემეფა ჩემს ერზე, ისრაელზე.
17გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
18უთხრა უფალმა მამაჩემს დავითს: გულში რომ გქონოდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.
19ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი; შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.
20დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა; და, აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის ადგილზე; ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი.
21მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩემს მამა-პაპასთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა.
22დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით, და ცისკენ აღაპყრო ხელები.
23თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ცაში და არც დაბლა დედამიწაზე! შენ ინახავ აღთქმასა და სიყვარულს შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე.
24შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს; და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები.
25ახლაც შეუნახე უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: არ დაგელევაო მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარო ჩემს წინაშე.
26ახლაც მტკიცე იყოს, უფალო ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს რომ უბრძანე.
27ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?
28მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მორჩილი.
29თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი.
30ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.
31როცა შესცოდავს ვინმე თავის მოძმეს და ფიცით დააფიცებენ მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში.
32მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მორჩილთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, და მართალი გაამართლე, რომ მისი სიმართლისაებრ მიეგოს.
33როცა დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე მობრუნდება შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში,
34მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მისი მამა-პაპისთვის მიგიცია.
35როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილს, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს. რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
36მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისთვის.
37შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურმოხდება რამე თუ სნეულება,
38ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას თითოეული ადამიანისა, მთელი შენი ერისა - ისრაელის, როცა იგრძნობს თითოეული გასაჭირს თავის გულში და ხელს გაიშვერს ამ სახლისკენ.
39შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები. რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული;
40რომ მუდამ ეშინოდეთ შენი, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია.
41უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო,
42რადგან გაგებული ექნებათ შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და მოღერებული მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში,
43მოუსმენ ციდან, შენი სამყოფელიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს; იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, მე რომ ავაშენე.
44როცა გავა მტერთან საბრძოლველად შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე,
45მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე.
46როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,
47გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში, შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,
48როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აარჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
49მაშინ მოისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება და სამართალი გაუჩინე;
50მიუტევე შენს ერს, შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალულს აღუძრავ მათ დამტყვევებლებს, რათა შეიბრალონ ისინი.
51რადგან შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმელიდან გამოიყვანე.
52თვალღია იყავ შენი მორჩილის ვედრების მიმართ და შენი ერის ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა არ უნდა შემოგღაღადონ.
53რადგან შენ განიკუთვნე ისინი შენს სამკვიდროდ დედამიწის ყველა ერისგან, როგორც უბრძანე შენი მორჩილის, მოსეს პირით, როცა ეგვიპტიდან გამოგყავდა ჩვენი მამა-პაპა, უფალო ღმერთო!
54როცა დაასრულა სოლომონმა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო, ცისკენ ხელაპყრობილი.
55იდგა და ხმამაღლა აკურთხებდა ისრაელის მთელს კრებულს:
56კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მორჩილის, მოსეს პირით რომ ბრძანა.
57ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამა-პაპასთან იყო, არ მიგვატოვოს, არ გაგვწიროს.
58მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რომ მის გზაზე ვიაროთ, და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამა-პაპისთვის დაუწესებია.
59იყოს ეს ჩემი სიტყვები, რომლითაც უფალს ვევედრები, ახლოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, დღითა და ღამით, რომ მარადღე აჩენდეს სამართალს მისი მორჩილისთვის და მისი ერისთვის, ისრაელისთვის,
60რათა გაიგოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ ღმერთია უფალი და სხვა არვინაა მის მეტი.
61იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესზე და დაიცვათ მისი დარიგებები.
62შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ისრაელმა მასთან ერთად.
63დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი და სამადლობელ მსხვერპლად შესწირა უფალს. აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა.
64ამავე დღეს განათლა მეფემ შუა ეზო უფლის სახლის წინ; რადგან აღავლინა აღსავლენი, შესწირა ძღვენი და სამადლობელი მსხვერპლის ცხიმები, რადგან უფლის წინ მდგარი სპილენძის სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, ძღვენს და სამადლობელის ცხიმებს.
65იდღესასწაულა იმჟამად უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე - შვიდ დღეს და კიდევ შვიდ დღეს, სულ თოთხმეტ დღეს.
66მერვე დღეს გაისტუმრა ხალხი; დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მორჩილს, და ისრაელს, თავის ერს.
Next