თავი - 7
Previous1ცამეტ წელიწადს აშენებდა სოლომონი თავის სახლს, და გაასრულა მთელი თავისი სახლი.
2ააშენა ლიბანის მაღნარის სახლი, სიგრძით ასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით ოცდაათი წყრთა, ოთხ რიგ კედარის სვეტებზე იყო შედგმული, კედარისავე ძელები იყო გადებული კედარის სვეტებზე.
3კედარით იყო გადახურული ოთახები, ორმოცდახუთი სვეტზე შედგმული, თხუთმეტი სვეტი თითო რიგში.
4სამ სართულად იყო სარკმლის ჩარჩოები; სარკმელები ერთმანეთის პირდაპირ, სამ წყებად.
5ყველა კარი და წირთხლი ოთხკუთხა ძელებისგან იყო, სამ სართულად; სარკმლები ერთმანეთის პირდრირ იყო, სამ წყებად.
6სვეტებიანი კარიბჭე, რომელიც გააკეთა, სიგრძეში ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანეში ოცდაათი წყრთა; მის წინ სხვა კარიბჭე სვეტებით და ზღურბლით.
7ტახტის დარბაზი, სადაც მსჯავრი უნდა გამოეტანა, სამსჯავრო დარბაზი გააკეთა და კედარით დაფარა იატაკიდან ჭერამდე.
8ასევე იყო აგებული მისი საცხოვრებელი სახლი მეორე ეზოში, დარბაზის უკან. ფარაონის ასულსაც, რომელიც ცოლად ჰყავდა მოყვანილი სოლომონს, ამ დარბაზის მსგავსი სახლი აუშენა.
9ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი, ხერხით დახერხილი ძვირფასი ქვებისგან იყო გაკეთებული, როგორც შიგნით, ისე გარეთ, საფუძვლიდან თავხემდე, და გარეთ დიდ ეზომდე.
10საფუძვლად დადებული იყო ძვირფასი ქვები, დიდრონი ქვები, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი ქვები.
11ხოლო ზემოთ ზომაზე გათლილი ძვირფასი ქვები და კედარი.
12დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვით და ერთი წყება კედარის ძელებით; ასევე უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის დარბაზი.
13გაგზავნა კაცი მეფე სოლომონმა და დააბარა ტვიროსიდან ხირამი,
14რომლის დედა ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან, ხოლო მამა ტვიროსელი სპილენძის ოსტატი. მომადლებული ჰქონდა ხირამს სიბრძნე, გამჭრიახობა და ცოდნა სპილენძის ნახელავის გასაკეთებლად. მივიდა სოლომონ მეფესთან და ყველა სამუშაო შეუსრულა.
15გამოსახა სპილენძის ორი სვეტი; ერთი სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო; თორმეტი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარშემო მეორე სვეტს.
16ორი ბუღაური ჩამოასხა სპილენძისაგან სვეტების თავზე დასადგმელად; ერთი ბუღაურის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო, მეორე ბუღაურის სიმაღლეც ხუთი წყრთა იყო.
17გაუკეთა სვეტის თავზე დასადგმელ ბუღაურებს დაწნული ცხაურები და ძეწკვისებური ჯინჯილები - შვიდი ერთ ბუღაურს, შვიდიც მეორე ბუღაურს.
18გააკეთა სვეტები და შემოავლო ირგვლივ ერთ ცხაურს ორ წეებად ბროწეულები სვეტების თავზე დადგმული ბუღაურების დასაფარავად.
19კარიბჭის სვეტების ბუღაურები შროშანის სახის იყო, ოთხი წყრთა.
20ორ სვეტზე შედგმული ბუღაურებს შემოვლებული ჰქონდა ორასი ბროწეული, ზემოთკენ მუცლის პირდაპირ, რომელიც ცხაურის მხარეს იყო.
21აღმართა სვეტები ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი.
22სვეტის თავებზე შროშანები იყო გამოსახული. დასრულდა სვეტების სამუშაო.
23ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდიდან კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა ირგვლივ.
24ირგვლივ კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული კიდეზე ქვემოდან, ათ-ათი თითო წყრთაზე და ორ წყებად გარს ერტყა ზღვას. კიტრები მასთან ერთად იყო ჩამოსხმული.
25თორმეტ ხარზე იყო შედგმული; სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთით იყურებოდა და სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და ზურგი ყველას შიგნით ჰქონდა მიქცეულნი.
26სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა; მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჰგავდა. ორი ათას ბათს იტევდა.
27გააკეთა ათი სპილენძის კვარცხლბეკი; თითოეული კვარცხლბეკის სიმაღლე ოთხი წყრთა იყო, სიგანე - ოთხი წყრთა, სიმაღლე სამი წყრთა.
28ამგვარად იყო გაკეთებული კვარცხლბეკი: დაფები ჰქონდა მათ, ჩარჩოში ჩასმული.
29ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე ლომები, ხარები და ქერუბიმები იყო გამოსახული; ასევე ჩარჩოებზე, ლომებსა და ხარებს ქვემოთ და ზემოთ ყვავილების ასხმული კონები.
30ოთხ-ოთხი სპილენძის ბორბალი და სპილენძის ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს. მის ოთხსავე კუთხეზე იყო შვერილები, საბანელის ქვეშაც ჩამოსხმული შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე - ყვავილწნულები.
31მისი ჭრილი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე ერთი წყრთა იყო; ჭრილი მრგვალი იყო, როგორც ამგვარი ნაკეთობა არის ხოლმე, წყრთანახევარი; ჭრილზე ჩუქურთმები იყო. მისი კედლები ოთხკუთხედი იყო, არა მრგვალი.
32ოთხი ბორბალი იყო კედლებს ქვემოთ და ბორბლების ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
33ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებელი; ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები სულ ჩამოსხმული სპილენძისა იყო.
34ოთხი შვერილი ჰქონდა ყოველი კვარცხლბეკის ოთხსავე კუთხეს; კვარცხლბეკთან ერთად იყო ჩამოსხმული.
35კვარცხლბეკის თავზე იყო წრე ნახევარი წყრთა სიმაღლისა; კვარცხლბეკის სახელურები და კედლები მისივე მასალისგან იყო.
36ამოკვეთა სახელურების დაფებზე და მის კედლებზე ქერუბიმები, ლომები და პალმები ერთმანეთის დაშორებით, ირგვლივ კი ყვავილწნულები.
37ამგვარი გააკეთა ათი კვარცხლბეკი; ყველა ერთიანად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდათ, ერთი სახე.
38გააკეთა სპილენძის ათი საბანელი; ორმოც ბათს იტევდა თითოეული საბანელი, ოთხი წყრთა იყო თითოეული საბანელი; თითოეული საბანელი იმ ათიდან ერთ-ერთ კვარცხლბეკზე იდგა.
39ხუთი კვარცხლბეკი სახლის მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი - სახლის მარცხენა ფრთაზე; ზღვა სახლის მარჯვენა მხარეს მოათავსა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.
40გააკეთა ხირამმა საბანელები, აქანდაზები და სასხურებლები; მოათავა ხირამმა ყველა სამუშაო, რაც უნდა შეესრულებინა მას მეფე სოლომონთან უფლის სახლისათვის:
41ორი სვეტი და სვეტების თავზე დასადგმელი ბუღაურები მისი ორი ბალიშითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი ბუღაურების დასაფარავად.
42ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის; ბროწეულების ორი რიგი თითოეულ ცხაურს სვეტებზე დასადგმელი ბუღაურის ბალიშების დასაფარავად.
43ათი კვარცხლბეკი, ათი საბანელი კვარცხლბეკებზე შესადგმელი.
44ერთი ზღვა და თორმეტი ხარი ზღვის ქვეშ.
45ქვაბები, აქანდაზები და სასხურებლები; ყველა ეს ჭურჭელი, რომელნიც ხირამმა გაუკეთა მეფე სოლომონს უფლის სახლისთვის, მბზინვარე სპილენძისგან იყო.
46იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცართანს შორის.
47დააწყო სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი თავ-თავის ადგილზე. დიდი სიმრავლის გამო ვერ გაირკვა სპილენძის წონა.
48გააკეთა სოლომონმა ყოველი ჭურჭელი, რაც უფლის სახლისთვის იყო დაწესებული: ოქროს სამსხვერპლო და ოქროსავე ტაბლა, რომელზედაც საკურთხი პური ლაგდებოდა.
49ბაჯაღლო ოქროს სასანთლეები - ხუთი მარჯვენა მხარეს, ხუთიც მარცხენა მხარეს, დაბირის წინ, ყვავილებით, სანთურებით და ოქროს მაშებითურთ.
50ბაჯაღლო ოქროს ტაშტები, დანები, სასხურებლები, საწდეები, საცეცხლურები, და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლიდან წმიდათა წმიდაში შესასვლელი პრებისთვის, ტაძარში შესასვლელი კარისთვის.
51მოთავდა ყველა სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა მეფე სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულობა - ოქრო, ვერცხლი და ჭურჭელი და დააწყო უფლის სახლის საგანძურში.
Next