თავი - 6
Previous1ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, ანუ მეორე თვეში, შეუდგა იგი უფლის სახლის შენებას.
2სახლი, რომელიც სოლომონმა აუშენა უფალს, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა.
3სტოა ტაძრის წინ სიგრძით ოცი წყრთა იყო, ტაძრის სიგანის შესაბამისად, ხოლო სიგანე - ათი წყრთა, სახლის წინ.
4გაუკეთა სახლს სარკმელები, რომლებიც იღებოდა და იკეტებოდა.
5მიუშენა სახლის კედელს სართულები სახლის კედლების ირგვლივ, ტაძრისა და დაბირის ირგვლივ; მიუშენა შრამელები ირგვლივ.
6ქვედა სართული ხუთი წყრთა იყო სიგანით, შუა - ექვსი წყრთა სიგანით, ხოლო მესამე - შვიდი წყრთა სიგანით, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ სახლის კედლებს ხარაჩო არ მიჰკარებოდა.
7როცა სახლი შენდებოდა, ზოდებად მოჭრილი ქვით შენდებოდა; არც ჩაქუჩის, არც კვერის და არცერთი რკინის იარაღის ხმა არ გაღებულა სახლში მისი შენებისას.
8შუა სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა. დახვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულ ზე, და შუა სართულიდან - მესამეზე.
9როცა დაასრულა სახლის შენება, კედარის ფიცრებითა და კოჭებით გადახურა სახლი.
10სართულები მიუშენა მთელს სახლს, თითო ხუთი წყრთა სიმაღლისა და კედარის ძელებით მიამაგრა სახლს.
11გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა: აჰა, აშენებ ამ სახლს.
12მაგრამ თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ, თუ დაიცავ და გაჰყვები ჩემს ნაბრძანევს, მაშინ შეგისრულებ სიტყვას, რომელიც დავითს, მამაშენს ვუთხარი -
13დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არასოდეს მივატოვებ-მეთქი. ჩემს ერს, ისრაელს-მეთქი.
14როცა დაასრულა სახლის შენება სოლომონმა,
15კედარის ფიცრები ააკრა სახლის შიდა კედლებს იატაკიდან ჭერამდე; ჭერი შიგნიდან ხით მოაპირკეთა და სახლის იატაკზე კვიპაროსის ფიცრები დააგო.
16სახლის კიდეებიდან ოც წყრთაზე ააკრა კედარის ფიცრები იატაკიდან ჭერამდე და განაკუთვნა იგი დაბირისთვის, წმიდათა წმიდისთვის.
17ორმოცი წყრთა იყო წინიდან სახლი, ანუ ტაძარი.
18კედარის ფიცრებზე სახლის შიგნით კიტრები და გაშლილი ყვავილები იყო ამოჩუქურთმებული; ყველა ფერი კედარისგან იყო, ქვა არ ჩანდა.
19შუა სახლში მოაწყო დაბირი, რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი დაედგა.
20დაბირის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანეც ოცი წყრთა, სიმაღლეც ოცი წყრთა. წმიდა ოქროთი დაფერა იგი, ოქროთვე დაფერა კედარის სამსხვერპლო.
21დაფერა შიგნიდან სახლი წმიდა ოქროთი სოლომონმა, გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი დაფერა.
22მთელი სახლი ოქროთი დაფერა, მთლიანად მთელი სახლი, და მთელი სამსხვერპლო დაბირის წინ მდგარი, ოქროთი დაფერა.
23გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე ათი წყრთა იყო.
24ერთი ფრთა ხუთი წყრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა. ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე.
25ათი წყრთა იყო მეორე ქერუბიმიც; ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა.
26ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც.
27დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში; გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს; ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა, მეორე ქერუბიმის ფრთა - მეორე კედელს; ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ.
28ოქროთი დაფერა ქერუბიმები.
29სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ - შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი მოაჩუქურთმა.
30სახლის იატაკიც ოქროთი დაფერა, შიგნიდანაც და გარედანაც.
31დაბირში შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი, რომლის ჩარჩო და წყრთილები კედლის სიმაღის მეხუთედი იყო.
32ზეთისხილის ხის ორ კარედზე ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები ამოაჩუქურთმა და ოქროთი დაფერა. მოაოქროვა ქერუბიმიც და ფინიკის ხეებიც.
33ტაძრის შესასვლელსაც ასევე გაუკეთა ზეთისხილის ხის ოთკუთხა წირთხლები,
34და კვიპაროსის ხის ორი კარედი. ერთი კარედის ორივე ფრთა ტრიალებდა, მეორე კარის ორივე გვერდიც ტრიალებდა.
35ამოაჩუქურთმა ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები და ოქროთი დაფერა ჩუქურთმის ღარები.
36მოაწყო შიდა ეზო სამი წყება თლილი ქვისაგან და ერთი წყება კედარის ძელებისგან.
37მეოთხე წელს, ზივის თვეში, ჩაეყარა საძირკველი უფლის სახლს.
38მეთერთმეტე წელს, ბულის თვეში, რომელიც არის მერვე თვე, გაასრულა სახლი ყოველი წესისა და რიგის მიხედვით. შვიდ წელიწადს აშენებდა სახლს.
Next