თავი - 5
Previous1გაგზავნა ხირამმა, ტიროსის მეფემ, თავისი მორჩილნი სოლომონთან, რადგან გაიგო, რომ იგი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად. ხოლო ხირამი დავითის მოყვარული იყო ყოველთვის.
2შეუთვალა სოლომონმა ხირამს:
3შენ იცი, რომ ვერ შესძლო მამაჩემმა დავითმა, აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღვთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა ისინი.
4ახლა კი ჩამომიგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა; აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ფათერაკი მელის რაიმე.
5აჰა, და ვფიქრობ ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს.
6ახლა ბრძანე, რომ კედარის ხეები მომიჭრან ლიბანში; ჩემი მორჩილნი შენს მორჩილებთან ერთად იქნებიან; მე მოგცემ შენს მორჩილთა გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან შენ იცი, რომ ციდონელებივით ჩვენში ტყეს ვერვინ ჩეხავს.
7როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი და ამდენი ხალხის განმგებლად დაადგინა.
8შეუთვალა ხირამმა სოლომონს: მოვისმინე, რაც შემომითვალე; ყველაფერს შეგისრულებ, რაც კი კედარისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე.
9ჩემი მორჩილნი ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, და ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ; იქ დავშლით და წაიღებ. ოღონდ შენ შემისრულე სურვილი: სარჩოთი მომიმარაგე სახლი.
10უგზავნიდა ხირამი სოლომონს მისი სურვილის თანახმად კედარისა და კვიპაროსის ხეებს.
11ხოლო სოლომონი უგზავნიდა ხირამს ოცი ათას ქორ ხორბალს მის სახლის სარჩოდ და ოც ქორ გაწმენდილ ზეთს. ამას უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.
12მიჰმადლა უფალმა სიბრძნე სოლომონს დაპირებისამებრ. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის და კავშირი ჰქონდათ შეკრული ერთმანეთთან.
13დაბეგრა სოლომონმა მთელი ისრაელი: ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე.
14გზავნიდა მათ ლიბანში, თვეში ათი ათას კაცს მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავთავის სახლებში. ადონირამი განაგებდა ბეგარას.
15სოლომონს ჰყავდა სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვისმჭრელი მთაში,
16გარდა სამი ათას სამასი თავკაცისა, რომელნიც სამუშაოებზე ჰყავდა მიჩენილი სოლომონს და მომუშავეებს ზედამხედველობდნენ.
17ბრძანა მეფემ და მოზიდეს დიდრონი ლოდები, ძვირფასი ქვის ზოდები სახლის საძირკველისათვის.
18სოლომონისა და ხირამის მშენებლები და გებალელები ჭრიდნენ და ამზადებდნენ ხესა და ქვებს სახლის ასაშენებლად.
Next