Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1იყო მეფე სოლომონი მეფედ მთელს ისრაელზე.
2ეს თავკაცები ჰყავდა მას: ყაზარია, ცადოკ მღვდლის შვილი;
3ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი - მწერლები; იოშაფატ ახილუდის ძე - მემატიანე;
4ბენაია იეჰოიადაყის ძე - ჯარის სარდალი; ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.
5ყაზარია ნათანის ძე - მოურავთ უფროსი, ზაბუდ ნათანის ძე - მღვდელი და მეფის მეგობარი.
6ახიშარი - სასახლის ზედამხედველი; ადონირამ ყა ბადას ძე - ხარკის განმგებელი.
7თორმეტი მოურავი ჰყავდა სოლომონს მთელს ისრაელში. ისინი ამარაგებდნენ სარჩოთი მეფესა და მის სახლს; თითოეულს წელიწადში ერთი თვის მანძილზე უნდა ეზიდნა სარჩო.
8აი, მათი სახელები: ბენ-ხური ეფრემის მთიდან;
9ბენ-დეკერი მაკაცში, შაყ-ალბიმში, ბეთ-შემეშში, ელონში და ბეთ-ხანანში;
10ბენ-ხესედი არუბოთში; მისი იყო სოქო და ხეფერის მთელი მხარე;
11ბენ-აბინადაბი მთელს ნაფათ-დორში; სოლომონის ასული, ტაფათი ჰყავდა ცოლად;
12ბაყანა ახილუდის ძე თაყანაქში, მეგიდოში და მთელს ბეთ-შეანში, ცართანასთან რომ არის, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან ვიდრე აბელ-მეხოლამდე და იაკმეყანის გაღმა მხარემდე.
13ბენ-გებერი გალაადის რამოთში; მისი იყო იაირ მენამეს ძის დაბები გალაადში; მისი იყო არგობის მხარე ბაშანში, სამოცი დიდი ქალაქი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი.
14ახინადაბ ღიდოს ძე მახანაიმში;
15ახიმაყაცი ნაფთალის მხარეში; მასაც სოლომონის ასული ჰყავდა ცოლად, ბასმათი.
16ბაყანა ნუშაის ძე აშერის მხარეში და ბეყადოთმი;
17იეჰოშაფატ ფარუახის ძე ისაქარის მხარეში;
18შიმყი ელას ძე ბენიამინის მხარეში;
19გებერ ურის ძე გალაადის ქვეყანაში, სიხონის, ამორეველთა მეფის, ქვეყანაში და ოგის, ბაშანის მეფის ქვეყანაში. თითო მოურავი თითო ქვეყანაში.
20ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი.
21ეპყრა სოლომონს ყველა სამეფო მდინარიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე. მოართმევდნენ ხოლმე ძღვენს და ემორჩილებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლე.
22ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სადაგი ფქვილი;
23ათი ნასუქალი ხარი და ათი ნაიალაღარი ხარი, ასი ცხვარი გარდა ნანადირევი ირმებისა, ქურციკებისა, ჯეირნებისა და გამოკვებილი ბატებისა.
24ეს იმიტომ, რომ ბატონობდა იგი მთელს მდინარის გამოღმა მხარეზე თიფსახიდან ვიდრე ღაზამდე, და მდინარის გამოღმა ყველა მეფეზე, და ზავი ჰქონდა ყველა ქვეყნებთან ირგვლივ.
25უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას დანიდან ვიდრე ბერშებამდე.
26ჰქონდა სოლომონს ორმოცი ათასი თავლა ეტლის ცხენებისთვის და ჰყავდა თორმეტი ათასი ცხენოსანი.
27ამარაგებდნენ ის მოურავები თითოეული თავის განკუთვნილ თვეში მეფე სოლომონს და მეფე სოლომონის სუფრის ყველა მეინახეს, თითოეული თავის განკუთვნილ თვეში, და არაფერს აკლებდნენ.
28მოჰქონდათ ქერი და თივა ცხენებისთვის და ბედაურებისთვის. თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე.
29მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება.
30სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა მთელს სიბრძნეს და ეგვიპტელთა მთელს სიბრძნეს.
31ყველა ადამიანზე ბრძენი იყო იგი, ეთან ეზრახელზე, ჰემანზე, ქალქალაზე, დარდა მახოლის ძეზე, და განითქვა მისი სახელი ყველა ხალხში, ვინც კი ირგვლივ იყო.
32წარმოთქვა სამი ათასი იგავი და შეთხზა ხუთი ათასი გალობა.
33ლაპარაკობდა ხეებზე ლიბანის ნაძვიდან დაწყებული ეზობამდე, კედელზე რომ მიცოცავს; ლაპარაკობდა ცხოველებზე და ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და თევზებზე.
34მოდიოდნენ ყველა მოდგმის ხალხისგან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და ქვეყნის ყველა მეფისგან, ვისაც კი სმენოდა მისი სიბრძნის ამბავი.
Next