თავი - 3
Previous1დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მოიყვანა ფარაონის ასული დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლს და ზღუდეს იერუსალიმის გარშემო.
2ოღონდ ჯერ კიდევ ბორცვებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს, რადგან საიმდროოდ ჯერ კიდევ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3შეიყვარა სოლომონმა უფალი, და მამამისის, დავითის წესზე დადიოდა, ოღონდ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4წავიდა მეფე გაბაონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული აღსავლენი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე.
5გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე.
6უთხრა სოლომონმა: დიდად სწყალობდი შენს მორჩილს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლით და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე.
7ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მორჩილი, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა.
8შენს რჩეულ ხალხშია შენი მორჩილი, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო.
9მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან; რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?
10მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი.
11უთხრა მას ღმერთმა: იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად.
12აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი.
13რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალ ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი.
14თუ ივლი ჩემს გზაზე, დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი.
15გაეღვიძა სოლომონს და, აჰა, ესეც სიზმარი. მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი. მერე ლხინი გაუმართა თავის მორჩილთ.
16მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და დადგნენ მის წინ.
17თქვა ერთმა ქალმა: მომიტევე, ბატონო! მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ, ამ სახლში ვიმშობიარე მის თვალწინ.
18ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან სახლში. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სახლში.
19მოკვდა ღამით ამ ქალის ბავშვი, რადგან ზედ დასწოლოდა.
20ადგა შუაღამისას, აიყვანა ჩემი ბავშვი ჩემი გვერდიდან, ეძინა შენს მორჩილს, და თავის უბეში ჩაიწვინა, ხოლო თავისი მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინა უბეში.
21ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის და, აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის ბავშვი არ იყო: ჩემი შვილი, რომელიც მე ვშობე.
22თქვა მეორე ქალმა: არა! ცოცხალია ჩემი შვილი, შენი შვილია მკვდარი! ეს კი ამბობდა: არა! შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილი ცოცხალი! ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23თქვა მეფემ: ეს ამბობს, ჩემი შვილიაო ცოცხალი; შენი შვილი მკვდარიო. მეორე ამბობს: არა, შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილიაო ცოცხალი.
24თქვა მეფემ: მახვილი მომიტანეთ! მიართვეს მახვილი მეფეს.
25თქვა მეფემ: ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი - მეორე ქალს.
26უთხრა ქალმა, ცოცხალი ბავშვის დედამ, მეფეს, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი შვილის გამთო: ოჰ, ჩემო ბატონო! ოღონდ ნუ მოკლავთ და მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი! მეორე ამბობდა: ნურც მე მერგება, ნურც შენ. გაჭერით!
27მიუგო მეფემ და თქვა: ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ. ეს არის მისი დედა.
28გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, მეფემ რომ გამოიტანა, და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის გასაჩენად.
Next