თავი - 2
Previous1მოახლოვდა დავითის სიკვდილის ჟამი და ეს უანდერძა მან თავის შვილს, სოლომონს:
2მივდივარ მთელი ქვეყნის გზით, გამაგრდი და კაცი იყავი.
3აღუსრულე ვალი უფალს, შენს ღმერთს: იარე მის გზაზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც სწერია მოსეს რჯულში, რომ ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს მიაბრუნებ.
4რომ აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი სიტყვა: თუ შენი შვილები დაიცავენ ჩემს გზას და ივლიან ჩემს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით, არ დაგელევაო კაცი ისრაელის ტახტზე.
5შენც იცი, რა გამიკეთა იოაბ ცერუიას ძემ, რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს - აბნერ ნერის ძეს და ყამასა იეთერის ძეს; როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა; ბრძოლის სისხლი მოიცხო სარტყელზე და ფეხსამოსზე.
6ბრძნულად მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის ჭაღარას შავეთში.
7ბარზილაი გალაადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს სუფრაზე, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას აბესალომს გავურბოდი.
8აჰა, შენთან არის შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, ბახურიმიდან; ის იყო, რომ მწარედ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი. იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და მეც უფლის სახელით შევფიცე, მახვილით არ მოგკლავ-მეთქი.
9შენ ნუ გაამართლებ, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რომ სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში.
10განისვენა დავითმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.
11ხანი დავითის მეფობისა ისრაელზე იყო ორმოცი წელი, ხებრონში შვიდ წელს მეფობდა, იერუსალიმში - ოცდაცამეტ წელს.
12დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და დიდად განმტკიცდა მისი მეფობა.
13მივიდა ადონია, ხაგითის შვილი, ბათშებაყთან, სოლომონის დედასთან. უთხრა ქალმა: სამშვიდობოდა ხარ მოსული? მიუგო: სამშვიდობოდ.
14უთხრა: საქმე მაქვს შენთან: უთხრა: თქვი.
15თქვა: შენ იცი, რომ ჩემი იყო მეფობა, და მე შემომყურებდა მთელი ისრაელი, რომ მეფე გავმხდარიყავი. მაგრამ წამივიდა მეფობა და ჩემს ძმას ერგო, რადგან უფლისგან ჰქონდა მიცემული.
16ახლა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ. მიუგო ქალმა: თქვი.
17თქვა: უთხარი სოლომონ მეფეს, რომ არ გამაწბილოს და ცოლად მომცეს აბიშაგ შუნამელი.
18თქვა ბათშებაყმა: კარგი, დაველაპარაკები შენზე მეფეს.
19მივიდა ბათშებაყი მეფე სოლომონთან, რომ ადონიაზე დალაპარაკებოდა. წარდგა მეფე მის შესახვედრად და თაყვანისცა მას, და დაჯდა თავის ტახტზე. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და მის მხარმარჯვნივ დაჯდა იგი.
20უთხრა: ერთი მცირე სათხოვარი მაქვს შენთან, ნე გამაწბილებ. უთხრა მეფემ: მთხოვე, დედაჩემო, რადგან არ გაგაწბილებ.
21თქვა: მიეცი ცოლად აბიშაგ შუნამელი შენს ძმას, ადონიას.
22მიუგო მეფე სოლომონმა თავის დედას და უთხრა: რად მოითხოვ ადონიასთვის აბიშაგ შუნამელს? ბარემ მეფობაც მოითხოვე მისთვის, რაკი ჩემი უფროსი ძმაა; მისთვის, აბიათარ მღვდლისთვის და იოაბ ცერუიას ძისთვის!
23დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი და თქვა: ასე და ასე მიყოს უფალმა, და უარესიც დამმართოს, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ეს სიტყვა ადონიას!
24ვფიცავ უფალს, რომელმაც განმამტკიცა და დამსვა მამაჩემის ტახტზე, რომელმაც სახლი ამიშენა დაპირებისამებრ, რომ დღესვე მოკვდება ადონია.
25დაავალა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძეს და მანაც განგმირა იგი და მოკვდა ადონია.
26აბიათარ მღვდელს კი უთხრა მეფემ: ყანათოთს წადი, შენს მამულში. სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან შენ გიტარებია უფლის კიდობანი მამაჩემის, დავითის წინაშე და, ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა.
27მოკვეთა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც თქვა მან ელიას სახელზე სილოამში.
28მიუვიდა ხმა იოაბს და (რადგან იოაბი ადონიას მიემხრო და აბესალომს არ მიმხრობია) გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა.
29შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკნ გაიქცაო იოაბი და, აჰა, სამსხვერპლოსთან დგასო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დააბარა: მიდი, მოკალი!
30მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: გამოდი, ასე ბრძანა მეფემ. მიუგო: არა, აქ მოვკვდები. მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი, ასე თქვაო იოაბმა.
31უთხრა მეფემ: ისე გააკეთე, როგორც თავად თქვა; მოკალი და დამარხე. ამით მომრეცხავ მეცა და მამაჩემის სახლსაც უბრალო სისხლს, იოაბმა რომ დაღვარა.
32უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისივის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის უჩუმრდ აბნერ ნერის ძე, ისრაელის ჯარის სარდალი, და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი.
33მიექცეს მათი სისხლი იოაბის თავს და მისი შთამომავლების თავს უკუნისამდე, ხოლო დავითს, მის მთამომავლობას, მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა სთნდეს უფლისგან უკუნისამდე.
34წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე, თავს დაესხა მას და მოკლა, და მის სახლში, უდაბნოში დამარხა.
35დანიშნა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძე მის ადგილზე ჯარის სარდლად, ხოლო აბიათარის ადგილზე ცადოკ მღვდელი დაადგინა მეფემ.
36დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე იქ. ნურსად ნუ გახვალ აქიდან.
37როგორც კი გახვალ და კედრონის ხევს გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება. შენს თავზე იქნება შენი სისხლი.
38უთხრა შიმყიმ მეფეს: კეთილი. როგორც ბრძანა მეფე-ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მორჩილი. ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში მრავალი ხანი.
39გავიდა სამი წელი და გაექცა შიმყის ორი მორჩილი აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის, გათში არიანო შენი მორჩილნი.
40ადგა შიმყი და შეკაზმა სახედარი და წავიდა გათს აქიშთან თავის მორჩილთა საძებრად. წავიდა შიმყი და კიდეც მოიყვანა გათიდან თავისი მორჩილნი.
41შეატყობინეს სოლომონს, იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმყი და უკან მობრუნდაო.
42დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: რომ დაგაფიცე უფლის სახელით და გაგაფრთხილე, თუ გახვედი და სადმე წასულხარ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი, შენ მიპასუხე: კეთილი, მესმისო.
43რატომ არ შეინახე უფლის ფიცი და ჩემი ბრძანება, რაც ნაბრძანები მქონდა?
44კიდევ უთხრა მეფემ შიმყის: შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობა გაგიკეთებია დავითისთვის, მამაჩემისთვის. ახლა შენს თავზე მოაქცევს უფალი შენს ავკაცობას.
45კურთხეული იყოს მეფე სოლომონი და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!
46უბრძანა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძეს. ისიც წავიდა და დაჰკრა შიმყის, და მოკვდა იგი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.
Next