Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1მოხუცდა დავით მეფე, ხანში შევიდა; ახურავდნენ სამოსლებს, მაგრამ ვერ თბებოდა.
2უთხრეს მისმა მორჩილებმა: გამოუძებნონ ჩვენს მეფე-ბატონს ახალგაზრდა ქალწული ქალი, რომ წარდგეს მეფის წინაშე, უვლიდეს მას და გვერდში უწვებოდეს. მაშინ გათბება ჩვენი მეფე-ბატონი.
3დაუწყეს ძებნა ლამაზ ყმაწვილ ქალს მთელს ისრაელში და იპოვნეს აბიშაგ შუნამელი და მიჰგვარეს მეფეს.
4ძალზე ლამაზი იყო ყმაწვილი ქალი, უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა მას; მაგრამ მეფე არ მიჰკარებია ქალს.
5გამედიდურდა ადონია, ხაგითის შვილი, და ასე ამბობდა: მე უნდა ვიმეფო! გაიჩინა ეტლი და მხედრები, და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
6არასოდეს უსაყვედურნია მამამისს, ასე რატომ იქცევიო. - თანაც თვალტანადი ყმაწვილი იყო ადონია, აბესალომის შემდეგ ეყოლა იგი დედამისს.
7იოაბთან, ცერუიას ძესთან, და აბიათარ მღვდელთან ჰქონდა საქმე დაჭერილი და ისინი ეხმარებოდნენ ადონიას.
8ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმყი, რეყი და დავითის მამაცი ხალხი მხარს არ უჭერდნენ ადონიას.
9დახოცა ადონიამ ცხვრები, ხარები, ნასუქალი მოზვრები ზოხელეთის ქვასთან, ყენ-როგელის მახლობლად რომ არის, და მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები და იუდაელი კაცები, მეფის მორჩილნი.
10ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, მამაცი ხალხი და სოლომონი, თავისი ძმა, არ მოიწვია.
11უთხრა ნათანმა ბათშებაყს, სოლომონის დედას: გაიგე, რომ გამეფდა ადონია, ხაგითის შვილი, ჩვენმა პატრონმა დავითმა კი არაფერი იცის?
12ახლა, მოდი, ერთ რამეს გირჩევ, უშველე თავს და შენს შვილს, სოლომონს.
13წადი, დავით მეფესთან, შედი და უთხარი: განა შენ არ იყავი, მეფევ-ბატონო, რომ შემომფიცე შენს მორჩილს: შენი ვაჟი სოლომონი იმეფებსო ჩემს შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე. მაშ, რატომ გამეფდა ადონია?
14ვიდრე შენ მეფესთან ლაპარაკში იქნები, მეც შემოვალ და სიტყვას შეგაწევ.
15შევიდა ბათშებაყი მეფესთან ოთახში. ძალზე მოხუცი იყო მეფე და აბიშაგ შუნამელი უვლიდა მეფეს.
16თავი დახარა ბათშებაყმა და თაყვანისცა მეფეს. ჰკითხა მეფემ: რა გინდა?
17მიუგო: ჩემო ბატონო, ხომ შეჰფიცე შენს მობჩილს უფლის, შენი ღმერთის სახელით, სოლომონი, შენი ვაჟი, გამეფდებაო ჩემს შემდეგ და დაჯდებაო ჩემს ტახტზე.
18ახლა, აჰა, ადონია გამეფდა: შენ კი, მეფევ-ბატონო, არაფერი გაგიგია.
19მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვრები, მოიწვია ყველა უფლისწული, აბიათარ მღვდელი, მხედართმთავარი იოაბი; შენი მორჩილი სოლომონი კი არ მოუწვევია.
20შენსკენაა მთელი ისრაელის თვალი, მეფე-ბატონო, რომ გამოუცხადო, თუ ვინ ავა მეფე-ბატონის ტახტზე შენს შემდეგ.
21როცა განისვენებს მეფე-ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი გამოვალთ მე და ჩემი შვილი სოლომონი.
22ამ ლაპარაკში იყო მეფესთან, რომ მოვიდა ნათან წინასწარმეტყველი.
23მოახსენეს მეფეს: აჰა, ნათან წინასწარმეტყველი. შევიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.
24თქვა ნათანმა: მეფე-ბატონო! შენა თქვი, ადონია გამეფდესო ჩემს შემდეგ და დაჯდესო ჩემს ტახტზე?
25რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვარი და მოიწვია ყველა უფლისწული, ჯარის სარდლები, აბიათარ მღვდელი. ახლა იქ არიან და ჭამენ და სვამენ მის წინაშე. გაჰყვირიან: იცოცხლოს მეფე ადონიამ!
26არ მივუწვევივარ არც მე, შენი მორჩილი, არც ცადოკ მღვდელი, არც ბენაია იეჰოიადაყის ძე, და არც სოლომონი, შენი მორჩილი.
27თუ მეფე-ბატონისგან მოდის ეს ბრძანება, რატომ არ გამაგებინე შენს მორჩილს, ვინ უნდა დაჯდეს მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ?
28მიუგო მეფე დავითმა და უთხრა: ბათშებაყს დამიძახეთ! შევიდა იგი მეფესთან და წარუდგა მეფეს.
29დაიფიცა მეფემ და თქვა: მოწმე იყოს უფალი, რომელმაც მიხსნა ყველა გასაჭირიდან,
30რომ როგორც შემოგფიცე უფლის, ისრაელის ღვთის სახელით, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება-მეთქი ჩემს შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემს ნაცვლად, ასე გავაკეთებ დღეს.
31მიწამდე დახარა თავი ბათშებაყმა, თაყვანისცა მეფეს და უთხრა: იცოცხლოს ჩემმა პატრონმა, მეფე დავითმა, უკუნისამდე.
32თქვა მეფე დავითმა: დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს, და ბენაია იეჰოიადაყის ძეს. ისინიც წარსდგნენ მეფის წინაშე.
33უთხრა მათ მეფემ: იახლეთ თქვენი ბატონის მორჩილნი, შესვით ჩემი შვილი სოლმონი ჩემს ჯორზე და გიხონში ჩაიყვანეთ.
34აქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. მერე ჰკარით ბუკს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!
35მერე ამოჰყევით მას, მოვა და დაჯდება ჩემს ტახტზე და იმეფებს ჩემს ნაცვლად. ის დავნიშნე მე ისრაელისა და იუდას მთავრად.
36მიუგო ბენაია იეჰოიადაყის ძემ მეფეს და უთხრა: ამინ! ასევე თქვას უფალმა, ჩემი მეფე-ბატონის ღმერთმა.
37როგორც ჩემს მეფე-ბატონთან იყო უფალი, ასევე იყო სოლომონთანაც. ჩემი მეფე-ბატონის, დავითის ტახტზე მეტად აღამაღლოს მისი ტახტი.
38ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს.
39გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან რქით ზეთი და სცხო სოლომონს. ჰკრეს ბუკს და დაიძახა მთელმა ხალხმა: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!
40უკან ამოჰყვა მთელი ხალხი, სტვირს უკრავდა ხალხი და ხარობდა დიდი სიხარულით, მიწა იპობოდა მათი ყიჟინისგან.
41ის იყო მორჩნენ პურობას ადონია და მისი სტუმრები, რომ მოესმათ ეს ყიჟინა. გაიგონა იოაბმა ბუკის ხმა და თქვა: რამ აახმაურა ქალაქი?
42არ დაემთავრებინა ლაპარაკი, რომ მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის შვილი. თქვა ადონიამ: მოდი, რადგან ვაჟკაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს.
43მიუგო იონათანმა ადონიას და უთხრა: ჭეშმარიტად! სოლომონი გაამეფა ჩვენმა მეფე-ბატონმა.
44გააყოლა მას მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელები და ფელეთელები და შესვეს იგი მეფის ჯორზე.
45მეფედ სცხეს გიხონში ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. გამხიარულვმულნი ამოვიდნენ იქიდან და შეიძრა ქალაქი. ეს ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ.
46უკვე ზის სოლომონი სამეფო ტახტზე.
47მივიდნენ კიდეც და მიულოცეს მეფის მორჩილებმა ჩვენს მეფე-ბატონს, დავითს, და უთხრეს: შენს სახელზე მეტად შეამკოს უფალმა სოლომონის სახელი და შენს ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი. ქედი მოიხარა საწოლზე მეფემ.
48ასე თქვა კიდეც მეფემ: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა დღეს თვალხილულს ჩემი ტახტის მემკვიდრე და თვალით მახილვინა.
49შეეშინდათ ადონიას სტუმრებს, წამოიშალნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ.
50ხოლო ადონიამ სოლომონის შიშით სამსმხვერპლოს მიაშურა და მოეჭიდა მის რქებს.
51შეატყობინეს სოლომონს: აჰა, შეეშინდაო ადონიას მეფე სოლომონის, სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა და ამბობსო: შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა რომ მახვილით არ მოკლავს თავის მორჩილს.
52თქვა სოლომონმა: თუ წრფელად მოიქცევა მისი თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე; მაგრამ თუ მზაკვრობა გაივლო გულში, მოკვდება.
53გაგზავნა სოლომონმა ხალხი და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან. მივიდა და თაყვანისცა მეფე სოლომონს. უთხრა სოლომონმა: წადი სახლში.
Next