Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.
2უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბერშებამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.
3უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
4იძალა მეფის სიტყვამ იოაბზე და ჯარის სარდლებზე და გავიდნენ მეფისგან იოაბი და ჯარის სარდლები ხალხის, ისრაელის, აღსარიცხად.
5გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებანეობს, იაყზერის პირდაპირ.
6მერე მივიდნენ გალაადში და თახთიმ-ხოდშის მხარეში, აქედან წავიდნენ დან-იაყანში და ციდონის მიდამოებში.
7მივიდნენ ტიროსის ციხე-სიმაგრესთან და მოიარეს ხივიმლთა და ქანაანელთა ყველა ქალაქი და გადავიდნენ იუდას სამხრით, ბერშებაში.
8მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ.
9მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი.
10გულმა დაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ერი. უთხრა დავითმა უფალს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.
11მეორე დღეს, როცა ადგა დავითი, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს, დავითის მისანს:
12წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: სამ სასჯელს შემოგთავაზებ; ერთ-ერთი აირჩიე, რომ დაგსაჯო.
13მივიდა გადი დავითთან და გამოუცხადა ეს ამბავი: რა გიჯობს, შვიდწლიანი შიმშილი შენს ქვეყანაშა, სამი თვის ლტოლვილება შენი მტრებისგან და მათგან შენი დევნა, თუ შავი ჭირი სამ დღეს შენს ქვეყანაში? ახლა იფიქრე და ასწონ-დასწონე, რა პასუხი მივუტანო ჩემს გამომგზავნელს.
14უთხრა დავითმა გადს: მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.
15მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში იმ დღიდან დათქმულ დრომდე. და გაწყდა დანიდან ბერშებამდე სამოცდაათი ათასი კაცი.
16გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის შესამუსვრელად, მაგრამ უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის შემმუსვრელ ანგელოზს: კმარა! ახლა უკან წაიღე ხელი. ორნა იებუსეველის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
17უთხრა დავითმა უფალს ხალხის გამწყვეტი ანგელოზის დანახვისას: აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!
18მოვიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო ორნა იებუსეველის კალოზე.
19წავიდა დავითი გადის სიტყვისაებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს.
20გამოიხედა ორნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მორჩილნი. გამოვიდა ორნა და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.
21თქვა ორნამ: რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მორჩილთან? უთხრა დავითმა: შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაშენებლად, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.
22უთხრა ორნამ დავითს: აიღოს და აღავლინოს მეფე-ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენად, აჰა, კევრი და ხარის უღელი შეშად.
23ყველაფერი მისცა მეფეს ორნამ და უთხრა ორნამ მეფეს: უფალი, შენი ღმერთი გწყალობდეს!
24უთხრა მეფემ ორნას: არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან; ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთ აღსავლენს. იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად.
25აუგო დავითმა იქ უფალს სამსხვერპლო, აღავლინა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შეიწყალა უფალმა ქვეყანა და განერიდან ჟამი ისრაელს.
Next