Eleos

Contents

თავი - 23

Previous
1ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა, მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმიანმა მგალობელმა:
2უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.
3მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
4იქნება იგი როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მიწიდან ამობრწყინვებული ბალახი.
5განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ აღმოცენდება ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი ნატვრა?
6უკეთურნი გადაგდებულ ეკლებივით იქნებიან ყველანი, ხელში რომ არ აიღება.
7ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.
8აჰა, დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა.
9მას შემდეგ ელიაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვა დაუწყეს ფილისტიმელებს და საბრძოლველად შეიკრიბნენ, ისრაელი კი უკან იხევდა.
10შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან.
11მის შემდეგ: შამა აგეს ძე, ჰარარიელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ცერცვი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან,
12ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას: მუსრი გაავლო ფ;ლისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა.
13ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს. ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
14მაშინ დავითი ამ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა.
15ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?
16გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
17თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.
18აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ამ სამთა უფროსი იყო. სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. მას ჰქონდა მეტი სახელი ამ სამში.
19ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ ეცილებოდა.
20ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.
21მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.
22ეს გააკეთა ბანაიჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამთა მოყმეთა შორის.
23ოცდაათიდან გამოირჩეოდა, თუმცა იმ პირველ სამს ვერ ეტოლებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
24ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი,
25შამა ხაროდიელი, ელიკა ხაროდიელი,
26ხელეც ფალეტიელი, ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყეღი,
27აბიყეზერ ყანათოთელი, მებუნაი ხუშათიელი,
28ცალმონ ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი,
29ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, ითაი რიბაის ძე ბენიამინის გიბყადან;
30ბენაიაჰუ ფირყათონელი, ჰიდაი ნახლე-გაყაშიდან,
31აბიყალბონ ყარბათელი, ყაზმავეთ ბარხუმელი;
32ელიახბა შაყალბონელი, ბენე-იაშენი, იონათანი,
33შამა ჰარარელი, ახიამ შარარის ძე, არარელი,
34ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი, ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი,
35ხეცრაი ქარმელელი, ფაყარაი არბელი,
36იგად ნათანის ძე ცობადან, ბანი გადელი,
37ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეეროთელი, იოაბიბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი,
38ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
39ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
Next