Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან.
2თქვა: უფალი კლდეა ჩემი, სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი!
3ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან!
4უფალს დიდებულს შევღაღადე და მტრებს გადავურჩი.
5მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, ბელიალის ნიაღვრებმა შემაშინეს,
6შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.
7ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს; ჩემს ღმერთს შევძახე და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს.
8შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი აძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აინთო იგი.
9ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და მჭამელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან; მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ.
10მოდრიკა ცა და ჩამოვიდა; ღრუბელი მოექცა მის ფეხქვეშ.
11ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და გამოჩნდა ქარის ფრთებზე.
12კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი.
13მისი ბრწყინვალებით გიზგიზებენ ცეცხლის ნაკვერცხლები.
14ციდან დაიქუხა უფალმა, უზენაესმა ხმა გამოსცა.
15ისრები გატყორცნა და მიმოფანტა ჩემი მტრები, აგრგვინა და აუბნია გზა-კვალი.
16გამიაჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძვლები უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან.
17ხელი გადმოყო ზეგარდამო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა.
18მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაც დამძალეს.
19ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან.
21მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და ჩემი ხელების სიწმიდისაებრ გადამიხადა.
22რადგან ვიცავდი უფლის გზას და არ შემიცოდავს ჩემი ღმერთისათვის.
23რადგან მისი მცნებები წინ მედო და მისი წესებისივის არ გადამიხვევია.
24წრფელი ვიყავ მის მიმართ და ცოდვას გავურბოდი.
25გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და სიწმიდისაებრ მის თვალში.
26მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ.
27უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ, უკუღმართთან - ცბიერი.
28დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, მედიდურებს მზერით აცამტვერებ.
29რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს.
30რადგან შენით ურდოებს შევებმები. ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები.
31წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.
32რადგან სად არს სხვა ღმერთი გარდა უფლისა? სად არს კლდე გარდა ჩვენი ღვთისა?
33ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი, გზის წრფელად წარმმართველი.
34ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებზე დამაყენებს.
35საბრძოლველად გამიწრთვნის ხელებს და მოჭიმავს სპილენძის მშვილდს ჩემი მკლავი.
36ხსნის ფარს შენ მაძლევ, შენი მოწყალება განმადიდებს.
37შენ მიფართოებ ნაბიჯებს, აღარ მეჩორთება კოჭები.
38მტერს ვედევნები მოსასპობად და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ.
39ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან.
40შენ შემომარტყამ ძალას საბრძოლველად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს მომხდურებს.
41მტრების ზურგს მაჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს.
42აქეთ-იქით იხედება, მაგრამ არა ჩანს მხსნელი; უფლისაკენ - მაგრამ ხმას არ სცემს.
43მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვამტვრევ და ვჯეგავ.
44შენ მიხსენი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან; შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
45უცხო ხალხები მეპირფერებიან; როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან,
46უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან.
47ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა,
48ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი,
49მტრებისაგან ჩემი გამრიდებელი და ჩემს მეამბოხეებზე ჩემი ამამაღლებელი; შემავიწროებელთაგან დამფარავი.
50ამიტომ გადიდებ, შენ, უფალო, ხალხთა შორის და შენს სახელს ვუმღერი.
51ხსნის გოდოლია თავისი მეფისთვის, მწყალობელია თავისი ცხებულისთვის, დავითისთვის და მისი მოდგმისთვის უკუნისამდე!
Next