თავი - 21
Previous1სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, რადგან გაბაონელნი გაწყვიტა.
2დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელიანები, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ ერთგულების გამო.
3უთხრა დავითმა გაბაონელებს: რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო.
4მიუგეს გაბაონელებმა: არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მის სახლისგან, არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში. თქვა მეფემ: რასაც იტყვით, აგისრულებთ.
5უთხრეს მეფეს: რაკი გვანადგურებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან,
6ჩაგვაბარონ შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: ჩაგაბარებთ.
7დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა საუფლო ფიცის გამო, რომელიც დიდებული იყო მათ შორის, დავითსა და იონათან საულის ძის შორის.
8წამოიყვანა მეფემ რიცფას ორი ვაჟი აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და მიქალის ხუთი ვაჟი, საულის ასულისა, რომელმაც უშვა ისინი ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს,
9და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში.
10აიღო რიცფამ, აიას ასულმა, ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე, და უგერიებდა გვამებს დღისით ცის ფრინველებს და ღამით მტაცებელ მხეცებს.
11შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, საულის ხარჭამ.
12მაშინ წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთშანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა გილბოაყში საული.
13ამოიტანა იქიდან საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები, და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.
14დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, მისი მამის კიშის სამარხში. ყველაფერი შეასრულეს, რაც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს. ამის შემდეგ მოიღო ღმერთმა ქვეყანაზე მოწყალება.
15კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. ჩამოვიდა დავითი თავის ხალხითურთ და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. დაიღალა დავითი.
16იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა.
17მაგრამ მიეშველა მას აბიშაი ცერუიას ძე, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა იგი. მაშინ დააფიცეს დავითი მისმა ხალხმა და უთხრეს: აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რომ ისრაელის ლამპარი არ ჩააქრო.
18ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. აქ სიბქა ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო.
19კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან; ელხანან იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გეთელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
20კიდევ მოხდა ბრძოლა გეთში; იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო.
21დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან შიმყის ძემ, დავითას ძმისწულმა.
22ეს ოთხი ეყოლა რაფას გეთში; ყველა ესენი დავითსა და მისი ხალხის ხელით დაეცნენ.
Next