Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1მოხედა იქ ერთი უვარგისი კაცი, სახელად შებაყ ბიქრის ძე, ბენიამინიანი. ჰკრა ბუკს და გამოაცხადა: აბა გვაქვს წილი დავითში, არა გვაქვს ხვედრი იესეს ძეში! თქვენ-თქვენი კარვებისკენ, ისრაელო!
2ზურგი აქცია დავითს ისრაელმა და გაჰყვნენ შებაყ ბიქრის ძეს, ხოლო იუდა არ მოშორებია თავის მეფეს იორდანედან იერუსალიმამდე.
3დაბრუნდა მეფე თავის სახლში, იერუსალიმში გამოიყვანა ათი ხარჭა, სახლის საპატრონებლად რომ ჰყავდა დატოვებული, და ჩაყარა საპატიმროში. არჩენდა მათ, მაგრამ არ შედიოდა მათთან. გამოკეტილნი იყვნენ სიკვდილის დღემდე და ქვრივებად ცხოვრობდნენ.
4უთხრა მეფემ ყამასას: სამ დღეში შემიყარე იუდა და შენც აქ მეახლე.
5წავიდა ყამასა იუდას შესაყრელად, მაგრამ გადააციღა მისთვის დაწესებულ ვადას.
6უთხრა დავითმა აბიშაის: აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყ ბიქრის ძე. აიყვანე შენი ბატონის მორჩილნი და დაედევნე, თორემ გამაგრებულ ქალაქებს იპოვის და მიეფარება ჩვენს თვალს.
7გაჰყვა მას იოაბის ხალხი, ქერეთელები და ფელეთელები, უმამაცესი ხალხი, და გავიდნენ იერუსალიმიდან შებაყ ბიქრის ძის დასადევნებლად.
8გაბაონში, დიდ ქვასთან, რომ მივიდნენ, ყმასა წარუდგა მათ. იოაბს აბჯარს ზემოთ თასმით მახვილი ჰქონდა გადაკიდებული, ზედ თეძოსთან თავის ქარქაშით, და სიარულისას მიწაზე სცემდა.
9უთხრა იოაბმა ყამასას: ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო? და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად.
10არ მოერიდა ყამასა მახვილს, იოაბს რომ ეჭირა ხელში, ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაურტყამს, მკვდარი იყო. მერე დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს.
11თავზე ედგა მოკლულს იოაბის მსახურთაგანი და ამბობდა: ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა, გაჰყვეს იოაბს!
12შუა გზაზე სისხლში ეგდო ყამასა. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გადაათრია გზიდან მინდორში ყამასა, და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს, ჩერდებოდა.
13როცა გზიდან იქნა გადათრეული, ყველანი გაჰყვნენ იოაბს, რომ შებაყ ბიქრის ძეს დასდევნებოდნენ.
14მან კი ისრაელის ყველა შტო გაიარა აბელამდე და ბეთ-მაყაქამდე. შეიკრიბნენ ბერიელები და გაჰყვნენ მას.
15მოვიდა იოაბის ხალხი და მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთმაყაქაში. აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, შეუდგა კედლის ნგრევას.
16დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქიდან: ისმინეთ! ისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი.
17მიუახლოვდა მას იოაბი და ჰკითხა დედაკაცმა: შენა ხარ იოაბი? მიუგო: მე ვარ. უთხრა: ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვას. მიუგო: ყურს ვუგდებ.
18უთხრა დედაკაცმა: ასე იტყოდნენ ძველად, აბელში იკითხონ და ისე გადაწყვიტონ საქმეო.
19მე ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი ქალაქი ვარ ისრაელის ქალაქებში. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელში? რისთვის სპობ უფლის წილხვედრილს?
20მიუგო იოაბმა და უთხრა: ნუმც მეფიქროს ნგრევა და განადგურება.
21აქ სხვა ამბავია: ერთმა კაცმა ეფრემის მთიდან, სახელად შებაყ ბიქრის ძემ, ხელი აღმართა მეფე დავითზე. მხოლოდ ის მოგვეცი და დავეხსნებით ქალაქს. უთხრა დედაკაცმა იოაბს: კეთილი, გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს.
22მივიდა დედაკაცი ხალხთან თავისი ბრძნული სიტყვით. მოკვეთეს თავი შებაყ ბიქრის ძეს და გადაუგდეს იოაბს. ბუკს ჰკრა თუ არა იოაბმა, ყველანი მოსცილდნენ ქალაქს და თავ-თავის კარვებში მიმოიფანტნენ. და გაბრუნდა იოაბი იერუსალიმში მეფესთან.
23იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელს ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე - ქერეთელებსა და ფელეთელებს.
24ადორამი ხარკის აკრეფას განაგებდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო,
25შევა-მწერალი, ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.
26ყირა იარელიც მღვდელი იყო დავითთან.
Next