Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. ასე ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკადარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!
2შეატყობინეს იოაბს, ტირისო მეფე, აბესალომს გლოვობსო.
3გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან გაიგო იმ დღეს ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე.
4ჩუმად მოიპარებოდა ქალაქში ხალხი იმ დღეს, როგორც მოიპარება ხოლმე ბრძოლის ველიდან უკუქცეული, შერცხვენილი ხალხი.
5დაეფარა მეფეს სახე და ხმამაღლა მოთქვამდა: შვილო, აბესალომ, აბესალომ, შვილო, შვილო!
6მივიდა იოაბი მეფესთან სახლში და უთხრა: სირცხვილში ჩააგდე დღეს შენი მორჩილნი, რომელთაც გადაგირჩინეს დღეს შენი ვაჟები, შენი ასულები, შენი ცოლები და ხარჭები.
7შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია; ისე იქცევი, თითქოს არა გყავდეს სარდალნი და მორჩილნი. ახლა მივხვდი, თურმე გერჩია აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
8ახლავე ადექი და გადი, გაამხნევე შენი მორჩილნი, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია.
9ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. ამცნეს მთელს ხალხს, აჰა, კარიბჭესთან ზისო მეფე. მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
10ასე განსჯიდა ხალხი ისრაელის ყველა შტოში: მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და გაგვათავისუფლა ფილისტიმელთაგან. ახლა კი, თავად გაექცა ქვეყნიდან აბესალომს.
11ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?
12ხოლო მეფე დავითმა შეუთვალა ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს: ასე უთხარით იუდას უხუცესებს: რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა ისრაელის სიტყვა უკვე მიუვიდა მეფეს თავის სახლში?
13ჩემი ძმები ხართ თქვენ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?
14ყამასას უთხარი: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ.
15ერთი კაცივით გადაიბირა დავითმა მთელი იუდა და მათაც შეუთვალეს მეფეს: დაბრუნდი შენს მორჩილებთან ერთად.
16დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდაელნი მივიდნენ გილგალს, როშ მიჰგებებოდნენ მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანათ მეფე.
17შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად.
18თან ახლდა ათასი კაცი ბენიამინიანი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მორჩილითურთ, და გადალახეს იორდანე მეფის თვალწინ.
19გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლი და კეთილად მომსახურებოდნენ. როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმყი გერას ძე განერთხა მის წინაშე.
20უთხრა მეფეს: ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებ, რომ დააშავა შენმა მორჩილმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში ნუ ჩაიდებს ამას მეფე.
21რადგან იცის შენმა მორჩილმა, რომ შევცოდე. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რომ მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს.
22მიუგო აბიშაი ცერუიას ძემ და თქვა: ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?
23თქვა დავითმა: რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგეხართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?
24უთხრა მეფემ შიმყის: არ მოკვდები. და შეჰფიცა მას მეფემ.
25ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში გაუწმენდია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე.
26როცა გამოვიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?
27მიუგო: მეფევ ბატონო! ჩემმა მორჩილმა მომატყუა. ეუბნებოდა შენი მორჩილი, სახედარი შემიკაზმე, რომ შევჯდე და მეფეს გავყვე-მეთქი; რადგან კოჭლია შენი მორჩილი.
28ცილი დამწამა შენს მორჩილს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
29განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეებთან დასვი სუფრაზე შენი მორჩილი. ახლა რაღა უფლება მაქვს, მეფესთან ვჩიოდე?
30უთხრა მეფემ: რაღასთვის ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი ყანები.
31უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: ყველაფერი წაიღოს, რაკიღა მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში.
32ჩამოვიდა როგელიმიდან ბარზილაი გალაადელი და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინ მეფე იორდანეს გაღმა.
33ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო.
34უთხრა მეფემ ბარზილაის: წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.
35უთხრა ბარზილაიმ მეფეს: რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?
36ოთხმოცი წლისა ვარ ახლა. განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მორჩილმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დავაწვე ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს?
37კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე?
38უკან დააბრუნე შენი მორჩილი, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს.
39უთხრა მეფემ: წამომყვეს ქიმჰამი და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ.
40გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
41გაემართა მეფე გილგალისკენ და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ნახევარიც აცილებდა მეფეს.
42აჰა, მოვიდა მთელი ისრაელი მეფესთან და უთხრა მეფეს: რატომ დაგისაკუთრეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა და გადაიყვანეს მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს გაღმა?
43მიუგო მთელმა იუდამ ისრაელს: იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია მეფე. რად გაწუხებთ ეს ამბავი? განა მეფე გვარჩენს ჩვენ, განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?
44მიუგო ისრაელმა იუდას და უთხრა: ჩემია მეფის მეათედი წილი, დავითიც უფრო მეტად მე მეკუთვნის, ვიდრე შენ. რატომ დაგვჩაგრე? განა პირველმა მე არა ვთქვი სიტყვა ჩემი მეფის დასაბრუნებლად? ისრაელზე უფრო მაგრად ლაპარაკობდა იუდა.
Next