თავი - 18
Previous1აღრიცხა დავითმა თავისი ხალხი და დაუყენა მას ათასისთავები და ასისთავები.
2ხალხის ერთი მესამედი დავითმა იოაბს ჩააბარა, ერთი მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, დანარჩენი მესამედი - ითაი გეთელს. უთხრა მეფემ ხალხს: მეც თქვენთან გამოვალ.
3ხალხმა უთხრა: არ გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ უკუვიქეცით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას; ჩვენისთანას ათი ათასს იწონი შენ; ამიტომ ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუ ქალაქიდან შემოგვეშველები.
4უთხრა მათ მეფემ: როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი. დარჩა კარიბჭესთან მეფე, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გავიდა.
5ასე უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის: დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი. მთელმა ხალხმა მოისმინა, რაც აბესალომის გამო უბრძანა მეფემ თავის სარდლებს.
6გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
7იძლია ისრაელის ხალხი დავითის მორჩილთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს: გაწყდა ოცი ათასი კაცი.
8მოედო ბრძოლა მთელს იმ არემარეს, ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს.
9შეეჯახა აბესალომი დავითის მორჩილთ, ჯორზე ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გადიოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ცასა და მიწას შორის. ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა.
10დაინახა ეს ერთმა კაცმა და შეატყობინა იოაბს და უთხრა: აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებული.
11უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: თუ დაინახე, რატომ არ დააკალი იქვე მიწას? ჩემზე იქნებოდა ათი ვერცხლი და ერთი სარტყელი.
12უთხრა იმ კაცმა იოაბს: ათასი ვერცხლიც რომ ჩამიდონ ხელში, ხელს მაინც არ აღვმართავდი უფლისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაის და ითაის, დამიზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
13კიდეც რომ გამებედა და ჩამედინა ეს უსამართლობა, არაფერი დაემალებოდა მეფეს, შენ კი განზე გადგებოდი.
14უთხრა იოაბმა: ტყუილად დროს ვკარგავ შენთან! ხელთ იპყრა სამი ჰოროლი და შიგ გულში ჩასცა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
15მერე შემოეხვია ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველნი, აბესალომს და გაგმირეს. ასე მოკლეს იგი.
16ჩაჰბერა იოაბმა ბუკს და უკან მობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეაკავა იოაბმა ხალხი.
17აიღეს აბესალომი და ჩააგდეს ტყეში ერთ დიდ ორმოში და ზედ დიდძალი ქვები დაახვავეს. მერე თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ ისრაელიანები.
18აბესალომს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა აღმრთული სვეტი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო. თავისი სახელი უწოდა სვეტს და დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი.
19თქვა ახიმაყაც ცადოკის ძემ: გავიქცევი და ვახარებ მეფეს, რომ დასაჯა უფალმა მისი მტრები.
20უთხრა იოაბმა: ვერ იქნები დღეს მახარობელი: სხვა დღეს ახარე, დღეს ნუ ახარებ, რადგან მოკვდა უფლისწული.
21უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: წადი, მოახსენე მეფეს, რაც დაინახე. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
22კვლავ უთხრა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად. უთხრა იოაბმა: რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? ვერ მიიტან კარგ ამბავს.
23რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი. უთხრა იოაბმა: გაიქეცი. გაიქცა ახიმაყაცი უმოკლესი გზით და გესწრო ქუშელს.
24დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა; ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; ასწია თავი და ხედავს, ვიღაც კაცი მორბის მარტო.
25იყვირა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: თუ მარტოა, მახარობელი იქნება. თანდათან ახლოვდებოდა კაცი.
26დაინახა გუშაგმა, რომ კიდევ მორბის სხვა კაცი და ჩამოსძახა კარისმცველს და უთხრა: აჰა, კაცი მორბის მარტო. თქვა მეფემ: ესეც მახარობელია.
27თქვა გუშაგმა: სირბილზე ვატყობ, რომ პირველი კაცი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს. თქვა მეფემ: კარგი კაცია და კარგი ამბავიც უნდა მოჰქონდეს.
28დაიყვირა ახიმაყაცმა და უთხრა მეფეს: მშვიდობა! მდაბლად თაყვანისცა მეფეს და უთხრა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელთაც ხელი აღმართეს ჩემს მეფე-ბატონზე.
29უთხრა მეფემ: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? უთხრა ახიმაცაყმა: დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა შენი მორჩილი იოაბი მაგზავნიდა შენს მორჩილს, ვერ კი მივხვდი, რა იყო.
30თქვა მეფემ: განზე გადი და იქ დადექი. განზე გავიდა ისიც და დადგა.
31ახლა ქუშელი მოვიდა და თქვა ქუშელმა: სასიხარულო ამბავი მომაქვს მეფე-ბატონისთვის! უფალმა დაგისაჯა დღეს შენი წინააღმდგომნი.
32ჰკითხა მეფემ ქუშელს: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? მიუგო ქუშელმა: ისე მეფე-ბატონის მტრები და შენს საბოროტოდ აღმდგარნი იყვნენ, როგორც ის ყმაწვილია!
Next