Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შემარჩევინე ათი ათასი კაცი, ავდგები და დავედევნები ამღამითვე დავითს.
2თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, გაეფანტება მთელი ხალხი და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს.
3შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მაშინ მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.
4სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
5თქვა აბესალომმა: ხუშაი არქიელსაც დამიძახეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.
6მივიდა ხუშაი აბესალომთან და უთხრა აბესალომმა: ასე და ასე გვირჩია ახითოფელმა. მივყვეთ მის რჩევას? თუ არა და, თქვი შენი აზრი.
7უთხრა ხუშაიმ აბესალომს: არ ვარგა ამჯერად ახითოფელის თათბირი.
8თქვა ხუშაიმ: ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი მინდვრად. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად იფხიზლებს ღამით.
9ახლა ალბათ რომელიმე ხევში ან სადმე სხვა ადგილას იმალება იგი. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, დამარცხდა აბესალომის ხალხიო,
10მაშინ უმამაცესნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაიბნევიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები.
11ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბერშებამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად.
12მივადგებით მას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, და ერთ კაცსაც არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
13თუ ქალაქში ჩაიკეტა, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ ისე, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას.
14თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელიანმა: ხუშაი არქიელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს. უფალმა გადაწყვიტა ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის უფალს.
15უთხრა ხუშაიმ ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებს: ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესობას, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიეო.
16ახლა საჩქაროდ გააგზავნე კაცი და შეუთვალე დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ-თქო ამ ღამეს, არამედ გაეცალე მანდაურობას, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხი.
17როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, წასულიყვნენ და ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან ქალაქში გამოჩენა არ შეეძლოთ მათ.
18მაგრამ დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორნი და მოვიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. ჭა ჰქონდა ეზოში კაცს და შიგ ჩავიდნენ.
19ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭის თავს, ზედ ბურღული დაყარა, ასე დაიფარა კვალი.
20მივიდნენ აბესალომის კაცები ამ ქალთან სახლში და ჰკითხეს: სად არიან ახიმაყაცი და იონათანი? მიუგო ქალმა: წყალს გაღმა გავიდნენ. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
21მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს, უთხრეს დავითს: ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩიაო თქვენზე ახითოფელმა.
22ადგა დავითი და მთელი მისი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩენილა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
23როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიღრჩო. მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს.
24ამასობაში დავითი მივიდა მახანაიმში, ხოლო აბესალომმა გადალახა იორდანე და უკან მიჰყვა მთელი ისრაელის ხალხი.
25იოაბის ნაცვლად ყამასა დაადგინა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იზრეყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან.
26დაიბანაკა ისრაელმა და აბესალომმა გალაადის ქვეყანაში.
27როცა დავითი მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან, ბარზილაი გალაადელმა როგელიმიდან,
28ქვეშაგებელი, თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი, ფქვილი და ქუმელი, ცერცვი და ოსპი,
29თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები, მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან.
Next