თავი - 16
Previous1როდესაც ცოტაზე ჩასცდა დავითი მთის წვერს, შემოხვდა მას ციბა, მეფიბოშეთის მორჩილი, წყვილი შეკაზმული სახედარითურთ, - მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი გალა ახალი ხილი და ერთი კოლოტი ღვინო.
2უთხრა მეფემ ციბას: რისთვის გინდა ესენი? მიუგო ციბამ: სახედრები მეფის სახლისთვის სამგზავროდ, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად; ღვინო უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთათვის სასმელად.
3უთხრა მეფემ: სად არის შენი ბატონის ვაჟი? მიუგო ციბამ მეფეს: იერუსალიმში დარჩა, რადგან ფიქრობს, ახლა მაინც დამიბრუნებსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს.
4უთხრა მეფემ ციბას: შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი! თქვა ციბამ: თაყვანი მიცია, ვინძლო მადლი ვპოვო შენს თვალში, მეფე-ბატონო.
5ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, ხედავს, გამოდის იქიდან საულის სახლის მონათესავე კაცი, სახელად შიმყი გერას ძე, მოდის და მოიწყევლება.
6ქვებს ესროდა დავითს და დავით მეფის მორჩილთ, თუმცა ხალხი და მეომრები მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდნენ.
7ასე სწყევლიდა მას შიმყი: განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო!
8შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლად გამეფდი, და შენს ძეს აბესალომს ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ!
9უთხრა აბიშაი ცერუიას ძემ მეფეს: რისთვის აგინებს ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!
10უთხრა მეფემ: რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ იწყევლება, იქნება უფალმა უბრძანა, დასწყევლეო დავითი. ვინ ეტყვის, ასე რატომ აკეთებო?
11უთხრა დავითმა აბიშაის და თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, ჩემი ღვიძლი შვილი მოსაკლავად მომდევს და ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია.
12ვინძლო მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს უფალმა.
13და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა.
14გავიდნენ მეფე და მისი თანმხლები ხალხი, დაღლილ-დაქანცულნი, იორდანეზე და იქ მოითქვეს სული.
15ხოლო აბესალომი და მთელი ისრაელის ხალხი შევიდნენ იერუსალიმში, ახითოფელიც მასთან იყო.
16როცა მივიდა ხუშაი არქიელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ!
17უთხრა აბესალომმა ხუშაის: ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?
18მიუგო ხუშაიმ აბესალომს: არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთანა ვარ და მასთან დავრჩები.
19ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.
20უთხრა აბესალომმა ახითოფელს: მოითათბირეთ, რა უნდა გავაკეთოთ.
21უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან, და გამხნევდებიან შენი მომხრეები.
22გაშალა კარავი აბესალომმა ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ.
23ახითოფელის თათბირი, რომელსაც იგი იმ ხანებში იძლეოდა, ისეთი იყო, გინდა ღმერთს შეკითხვოდა ვინმე. ასეთი იყო ახითოფელის თათბირი დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.
Next