თავი - 15
Previous1ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი და ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
2ადგებოდა დილით ადრე აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვინც კი მეფესთან სამართლის საძებრად მოვიდოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: რომელი ქალაქიდან ხარ? პასუხობდნენ: ისრაელის ამა და ამ შტოდანა ვარ შენი მორჩილი.
3ეტყოდა აბესალომი: კარგია და სამართლიანი შენი სიტყვები, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე?
4ამბობდა აბესალომი: ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.
5თაყვანის საცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა ხოლმე, ისიც მოეჭიდებოდა და აკოცებდა.
6ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული.
7ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს.
8რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.
9უთხრა მეფემ: მშვიდობით წადი. ადგა და წავიდა ხებრონს.
10გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა შტოში და შეუთვალა: ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდა ხებრონს!
11ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან. ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ საქმის ვითარება.
12გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. გამტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.
13მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: აბესალომს მიემხრო მთელი ისრაელი.
14უთხრა დავითმა თავის მორჩილთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და უბედურება არ დაგვათიოს თავზე, მახვილს არ მისცეს ქალაქი.
15უთხრეს მეფის მორჩილებმა მეფეს: გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და, აჰა, ჩვენ აქა ვართ, შენი მორჩილნი.
16გავიდა მეფე და მიჰყვა მას მთელი მისი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად.
17გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი, და გაჩერდნენ ერთ განაპირა სახლში.
18მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მორჩილნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გეთელები, ექვსასი კაცი, გეთიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
19უთხრა მეფემ ითაი გეთელს: შენ რაღას მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და შენი ადგილიდან გადმოხვეწილი.
20გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გაიძულო ჩვენთან ერთად წამოსვლა. მე წავალ, სადაც იქნება, შენ კი გაბრუნდი და უკან გააბრუნე შენიანები. მადლი და ერთგულება იყოს შენთან!
21მიუგო ითაიმ მეფეს და უთხრა: უფალს და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს ჩემი მეფე-ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მორჩილიც იქ იქნება.
22უთხრა დავითმა ითაის: კეთილი, წამოდი. წაჰყვა ითაი გეთელი და მთელი მისი ხალხი და მთელი წვრილშვილი, ვინც მასთან იყო.
23ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ ყედრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას.
24იქ იყო ცადოკიც და მასთან ერთად ყველა ლევიანი, ღვთის აღთქმის კიდობნის მტვირთველნი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა მაღალზე აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
25უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.
26თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ, მიყოს რაც ენებოს.
27უთხრა მეფემ მღვდელ ცადოკს: გამჭრიახი კაცი ხარ, დაბრუნდი მშვიდობით ქალაქში, შენი შვილი ახიმაყაცი და იონათანი, აბიათარის ძე - თქვენი ორივე შვილი თქვენთან იქნებიან.
28იცოდეთ, უდაბნოს ვაკეზე დაველოდები, ვიდრე ახალი ამბავი არ მომივა თქვენგან.
29გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
30ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა, და ტიროდა, თავდაფარული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაფარული, და ტირილ-ტირილით ადიოდნენ.
31შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც შეთქმულია აბესალომთანო, და თქვა დავითმა: ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.
32მიაღწია დავითმა მთის წვერამდე, სადაც თაყვანისცა ღმერთს, და ხედავს, მოდის ხუშაი არქიელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი.
33ჰკითხა დავითმა: თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
34მაგრამ თუ ქალაქში გაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მორჩილი ვარ, მეფეო. წინათ თუ მამაშენის მორჩილი ვიყავი, ამიერიდან შენი მორჩილი ვიქნები-თქო, და გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს.
35განა შენთან არ იქნებიან იქ ცადოკი და აბიათარი, მღვდლები? რასაც გაიგონებ მეფის სასახლეში, ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს, შეატყობინებ.
36იქა ჰყავთ მათ ორი ვაჟი, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. მათი მეშვეობით მომაწვდენი ყველა ამბავს, რასაც გაიგებთ.
37მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
Next