თავი - 14
Previous1მიხვდა იოაბ ცერუიას ძე, რომ გული მოულბა მეფეს აბესალომზე.
2გაგზავნა კაცი თეკოაყში და ერთი ჭკვიანი ქალი მოაყვანინა იქიდან. უთხრა: თავი მოიმგლოვიარე, ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთს ნუ იცხებ და ისე იყავი, როგორც დიდიხნის მგლოვიარე ქალია.
3მიდი მეფესთან და უამბე ეს ამბავი და ბაგეებში ჩაუდო იოაბმა საამბობელი.
4შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანისცა და უთხრა: მიშველე, მეფეო.
5ჰკითხა მეფემ: რა გჭირს? უთხრა ქალმა: ერთი ქვრივი ქალი ვარ, ქმარი მომიკვდა.
6ორი ვაჟიშვილი ჰყავდა შენს მორჩილს, მინდორში წაეკიდნენ ერთმანეთს, გამშველებელი არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა.
7აღდგა შენი მორჩილის წინააღმდეგ მთელი ნათესაობა და მეუბნებიან: მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოკლული ძმის შური ვიძიოთ და მოვსპოთ, თუმცა მემკვიდრეა იგი. ამ ნაპერწკალსაც ჩამიქრობენ, რომელიც დამრჩა; სახელს და შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე.
8უთხრა მეფემ ქალს: წადი შინ, განკარგულებას გავცემ შენს გამო.
9უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: ჩემზე, მეფევ-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უდანაშაულოა.
10უთხრა მეფემ: აქ მომიყვანე შენი მომჩივანი და ვეღარ გაბედავს შენს შეწუხებას.
11უთხრა ქალმა: ახსენე, მეფეო, უფალი შენი ღმერთი, ვინძლო არ გამრავლდნენ შურისმგებელნი და არ დამიღუპონ შვილი. უთხრა მეფემ: უფალს ვფიცავ, შენი შვილის თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე.
12უთხრა ქალმა: ერთი სიტყვაც ათქმევინე მეფე-ბატონისთვის შენს მორჩილს. უთხრა: თქვი.
13თქვა ქალმა: რისთვის ფიქრობ ამგვარად ღვთის ერზე? სცოდავს ამის მთქმელი მეფე, თუ თავის განდევნილს უკან არ აბრუნებს.
14ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით აღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს; იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ.
15ახლა მოვსულვარ, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფეს, რადგან მაშინებს ხალხი. იფიქრა შენმა მორჩილმა, ვეტყვი მეფეს, ვინძლო აღასრულოს მეფემ თავისი მხევლის სათხოვარი-მეთქი.
16რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს.
17იფიქრა შენმა მორჩილმა, ნუგეში იქნება-მეთქი მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.
18მიუგო მეფემ ქალს და უთხრა: ერთ რამეს გკითხავ და ნუ დამიმალავ. უთხრა ქალმა: მკითხოს მეფე-ბატონმა.
19ჰკითხა მეფემ: იოაბის ხელი ხომ არ ურევია შენთან ერთად ამ საქმეში? მიუგო ქალმა და უთხრა: მეფე-ბატონს ვფიცავ, თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვიოს ვინმემ მეფე-ბატონის ნათქვამს. სწორედ შენმა მორჩილმა იოაბმა დამარიგა და მან ჩააგონა შენს მორჩილს ეს სიტყვები.
20ნართაულად რომ ეჩვენებინა საქმე, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს მიხვდება ამ ქვეყანაზე.
21უთხრა მეფემ იოაბს: რაკი შენ მოგიწყვია ეს საქმე, წადი და დააბრუნე ის ყმაწვილი, აბესალომი.
22პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა მეფეს და მადლი მოახსენა. უთხრა იოაბმა: ახლა სჯერა შენს მორჩილს, რომ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის, მეფის თვალში, რადგან აასრულა მეფემ თავისი მორჩილის სათხოვარი.
23ადგა და წავიდა იოაბი გეშურს და მოიყვანა აბესალომი იერუსალიმში.
24თქვა მეფემ: დაბრუნდეს თავის სახლში, ოღონდ ნუ იხილავს ჩემს სახეს. დაბრუნდა აბესალომი თავის სხლში და ვერ იხილა მეფის სახე.
25არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ნაქები კაცი სილამაზით, როგორც აბესალომი. თხემით ტერფამდე უნაკლო იყო.
26როცა თავს გაიკრეჭდა ხოლმე (წლიდან წლამდე იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა), მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით.
27შეეძინა აბესალომს სამი ვაჟიშვილი და ერთი ქალი სახელად, თამარი. ძალიან ლამაზი შესახედავი ქალი იყო იგი.
28ორ წელს ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში, მაგრამ მეფის სახე არ უხილავს.
29დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ ინდომა იოაბმა მისვლა. მეორედ დაიბარა, არც ახლა ინდომა მისვლა.
30უთხრა თავის მორჩილთ: მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის. ქერი უკეთესია იქ. მიდით და გადასწვით. გადაწვეს ეს ყანა აბესალომის მორჩილებმა.
31ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მორჩილებმა?
32უთხრა აბესალომმა იოაბს: დაგიბარე, რომ მოსულიყავი და მეთხოვა, მეფესთან გამეგზავნე და გეთქვა: რისთვის მოვედი გეშურიდან? მიჯობდა იქ დავრჩენილიყავ. ახლა მინდა მეფის სახე ვიხილო. თუ დამნაშავე ვარ, ბარემ მომკალი.
33მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა; უხმო აბესალომს, ისიც მივიდა მეფესთან, მდაბლად თაყვანისცა მეფეს და გადაკოცნა მეფემ აბესალომი.
Next