თავი - 13
Previous1ამის შემდეგ იყო: ჰყაედა აბესალომ დავითის ძეს ლამაზი და, სახელად თამარი. შეუყვარდა იგი ამნონს, დავითის ძეს.
2ისე გაუჭირდა ამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ამნონმა, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან.
3ჰყავდა მეგობარი ამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ძალზე ჭკვიანი კაცი იყო იონადაბი.
4უთხრა მას: რა მოგდის, დღითიდღე რომ ხმები, უფლისწულო? არ მეტყვი? მიუგო ამნონმა: თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და.
5უთხრა იონადაბმა: ჩაწექი ლოგინში და თავი მოიავადმყოფე. როცა მამაშენი მოვა შენს სანახავად, უთხარი: ჩემი და თამარი მოვიდეს ჩემთან და პური მაჭამოს-თქო; ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო.
6ჩაწვა ამნონი და თავი მოიავადმყოფა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ამნონმა მეფეს: მოვიდეს ჩემთან ჩემი და თამარი, ჩემს თვალწინ გამოაცხოს ორიოდე ნამცხვარი, რომ მისი ხელიდან ვჭამო.
7გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: მოდი შენი ძმის, ამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე.
8წავიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის სახლში. იწვა იგი. აიღო ქალმა ცომი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო ნამცხვრები.
9აიღო კეცი და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ამნონმა: გაიყვანეთ ყველანი! და გავიდა ყველა.
10მაშინ უთხრა ამნონმა თამარს: უკანა ოთახში წაიღე საჭმელი და შევჭამ შენი ხელიდან. აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი ნამცხვრები, უკანა ოთახში გაუტანა ამნონს.
11და მიაწოდა, რომ ეჭამა. ხელი სტაცა ამნონმა ქალს და უთხრა: მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო.
12მიუგო: ნუ, ჩემო ძმაო, ნუ შეურაცხმყოფ. ასე არ იქცევიან ისრაელში, ნუ იზამ ამ სისაძაგლეს.
13სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი საძაგელი კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. სთხოვე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს.
14არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება ამნონს, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.
15შესძულდა იგი ამნონს უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა ადრე. უთხრა ამნონმა: ადე, წადი აქედან.
16უთხრა ქალმა: ნუ იზამ, ძმაო, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა, რასაც ახლა მიკეთებ. არ უნდოდა ამნონს მისი მოსმენა.
17დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: გაიყვანე ეს ქალი აქედან და მიუხურე კარი.
18ჭრელი ტალავარი ეცვა ქალს, რადგან ასეთი სამოსელით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი.
19ნაცარი დაიყარა თამარმა თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი ტალავარი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-მოთქმით წავიდა.
20უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: შენი ძმა ამნონი იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს. დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, გაუბედურებული.
21გაიგო დავით მეფემ ეს ამბავი და დიდად შეწუხდა.
22ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ამნონი მისი საქციელის გამო, რომ შეურაცხყო მისი და თამარი.
23გავიდა ორი წელი და ცხვარს პარსავდა აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად. ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა.
24მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: ცხვრის მპარსავები ჰყავს შენს მორჩილს. ეწვიოს მეფე თავის მორჩილებთან ერთად შენს მორჩილს.
25უთხრა მეფემ აბესალომს: არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, არ დაგამძიმებთ. არ ეშვებოდა აბესალომი, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა; კურთხევით კი აკურთხა.
26თქვა აბესალომმა: თუ ასეა, მაშინ ჩემი ძმა ამნონი წამოვიდეს. უთხრა მეფემ: რისთვის წამოვიდეს?
27არ მოეშვა აბესალომი და მეფემაც გაუშვა ამნონი და სხვა უფლისწულები.
28ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.
29ისე მოექცნენ აბესალომის მსახურნი ამნონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის აბესალომს. წამოიშალნენ უფლისწულები, შესხდნენ თავ-თავიანთ ჯორებზე და გაიქცნენ.
30ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ მოუვიდა ამბავი დავითს: დახოცა აბესალომმა უფლისწულები, ერთიც არ გადარჩენილა.
31ადგა მეფე, ტანზე შემოიხია სამოსელი და ჩაჯდა მტვერში. იქვე დადგნენ სამოსელშემოხეული მისი მორჩილები.
32დაუწყო ლაპარაკი იონადაბ შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა და უთხრა ნუ ამბობს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა შეურაცხყო ამნონმა მისი და თამარი.
33ნუ მიაქვს გულთან ჩემს ბატონ მეფეს ეს ხმა, თითქოს ყველა უფლისწული მოკვდაო, რადგან მხოლოდ ამნონია მკედარი.
34ამასობაში გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და, ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით.
35უთხრა იონადაბმა მეფეს: აჰა, მოდიან უფლისწულები; როგორც გეუბნებოდა შენი მორჩილი, ისეც მოხდა.
36როცა დაასრულა ლაპარაკი, მოვიდნენ უფლისწულებიც, აუწიეს ხმას და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მორჩილებიც.
37გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიხურის ძესთან, გეშურის მეფესთან. მთელი დღეები გლოვობდა დავითი თავის შვილს.
38გაიქცა აბესალომი და მივიდა გეშურს. დაჰყო იქ სამი წელი.
39შეწყვიტა აბესალომის დევნა დავითმა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.
Next