Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი.
2მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა,
3ღარიბს არაფერი გააჩნდა პატარა ბატკნის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა, და კვებავდა და ზრდიდა თავისთან, თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, როგორც ქალიშვილი, ისე ჰყავდა.
4ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს.
5დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!
6ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა.
7უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან.
8მე მოგეცი შენი ბატონის სასახლე და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებ.
9რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? ყამონიანთა მახვილით მოჰკალი იგი.
10ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს სამარადისოდ, რადგან უგულვებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა.
11ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან.
12თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს.
13უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები.
14ოღონდ, რაკი ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა.
15როცა წავიდა ნათანი თავის სახლში, შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი.
16ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს.
17თავზე დაადგნენ მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური.
18მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ვერ გაბედეს დავითის მორჩილებმა მოეხსენებინათ, რომ მოკვდა ბავშვი, რადგან ასე ფიქრობდნენ: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას დამართებს თავს.
19როცა დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მორჩილნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და ჰკითხა დავითმა თავის მორჩილთ: მოკვდა ბავშვი? უთხრეს: მოკვდა.
20ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანი-სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და შეჭამა.
21ჰკითხეს მისმა მორჩილებმა: ეს რა იყო, რომ გააკეთე? ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე.
22მიუგო: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი; ვიფიქრე, ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს-მეთქი ბავშვი.
23ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას. მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.
24ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა,
25შემოუთვალა ნათან წინასწარმეტყველის პირით და უწოდა უფლის გამო სახელად იედიდია.
26ამასობაში იოაბი ებრძოდა ყამონიანთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი.
27გამოუგზავნა იოაბმა დავითს მაცნეები და შეუთვალა: ვებრძვი რაბას და ხელში მაქვს ჩაგდებული ქალაქის წყალსატევები.
28ახლა, შეკრიბე დანარჩენი ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ მე ავიღებ ქალაქს და ჩემი სახელი დაერქმევა.
29შეკრიბა დავითმა ხალხი, წავიდა რაბას, თავს დაესხა და დაიპყრო.
30აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.
31გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონიანთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.
Next