Eleos

Contents

თავი - 11

Previous
1ერთი წლის შემდეგ, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი. გაანადგურეს ყამონიანები და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
2ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.
3გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: ეს ხომ ბარშებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი.
4გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი წვირისგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში.
5როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: ორსულდა ვარ.
6გაგზავნა დავითმა კაცი იოაბთან. გამომიგზავნე ურია ხეთელი. გამოუგზავნა იოაბმა ურია დავითს.
7როცა მოვიდა მასთან ურია, დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი გამოჰკითხა.
8უთხრა დავითმა ურიას: შინ წადი და ფეხი დაიბანე. გავიდა ურია მეფის სახლიდან და მეფის საჩუქარი გააყოლეს უკან.
9ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის მორჩილებთან ერთად, თავის სახლში არ წასულა.
10შეატყობინეს დავითს, არ წასულაო თავის სახლში ურია. მაშინ უთხრა დავითმა ურიას: ხომ ნამგზავრი ხარ? რატომ შინ არ წახვედი?
11უთხრა ურიამ დავითს: როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს!
12უთხრა დავითმა ურიას: დღესაც დარჩი აქ და ხვალ გგაგზვნი. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას.
13მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა ურიამ მის წინაშე და დაათრო იგი დავითმა. საღამოთი გავიდა, რომ თვისი ბატონის მორჩილებთან დაეძინა თავის საგებელზე. თავის სახლში არ წასულა.
14დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელით გაუგზავნა.
15წერილში ასე დაწერა: დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს.
16როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.
17გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. დაეცნენ ხალხიდან, დავითის მორჩილთაგანნი და მოკვდა ურია ხეთელიც.
18გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად.
19ასე დაარიგა მაცნე: ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,
20და თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: რატომ მოადექით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველადო? განა არ იცოდი, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას?
21ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე, და მოკვდა იგი თუბელში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს? უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო, შენი მორჩილი.
22წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა.
23უთხრა მაცნემ დავითს: როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ:
24მოისარებმა ისრები დაუშინეს გალავნიდან შენს მორჩილთ და ბევრი გაწყდა მეფის მორჩილთაგან, მოკვდა ხეთელი ურიაც, შენი მორჩილი.
25უთხრა დავითმა მაცნეს: ასე უთხარი იოაბს, ნუ გაწუხებს-თქო ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ჭამს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხეთქო. ასე გაამხნევე იოაბი.
26გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი და დაიტირა თავისი პატრონი.
27როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ვაჟი. არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა.
Next