Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად.
2თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა მე. და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში.
3უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშინისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?
4აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მორჩილთ, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.
5როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით.
6დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გაგზავნეს ხალხი ყამონიანებმა, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხიბასა და ცობას არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან თორმეტი ათასი კაცი.
7შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესია მთელი ლაშქრითურთ.
8გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ცობისა და რეხობის არამელები, იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე.
9როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
10დანარჩენი ხალხი თავის ძმას აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ.
11თქვა: თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები. თუ ყამონიანები გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
12გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.
13გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.
14როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმს.
15დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, და შეიკრიბნენ.
16გადმოაყვანინა ჰადარყეზერმა მდინარის გაღმელი არამელები და ისინიც მოვიდნენ ხელამში. შობაქი, ჰადარყეზერის მთავარსარდალი უძღოდა მათ.
17შეატყობინეს დავითს და მანაც შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და მივიდა ხელამს. დაეწყვნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლენ.
18გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არმელთაგან შვიდასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი. უგმირა მახვილი შობაქს, მათ სარდალს, და იქვე მოკვდა იგი.
19როცა ჰადარყეზერის მორჩილმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონიანთა დახმარება.
Next