Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1ამ ამბების მერე იყო: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, სამარიის მეფის, აქაბის სასახლის გვერდით.
2ელაპარაკა აქაბი ნაბოთს და უთხრა: დამითმე შენი ვენახი, ბოსტნად მექნება, რადგან ჩემი სახლის გვერდითაა; სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ; თუ გინდა მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდი.
3უთხრა ნაბოთმა აქაბს: უფალმა დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის სამკვიდრო მოგცე!
4წავიდა აქაბი თავის სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვის გამო, რაც ნაბოთ იზრეყელელმა უთხრა, ვერ მოგცემო ჩემი მამა-პაპის სამკვიდროს. ჩაწვა თავის საწოლში, და პირი კედლისკენ ქნა, პურიც არ უჭამია.
5შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი და ჰკითხა: რამ დაგანაღვლიანა, პურს რატომ არ სჭამ?
6უთხრა: ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს და ვუთხარი, დამითმე-მეთქი შენი ვენახი ვერცხლით; ან თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი. მან მითხრა: არ მოგცემო ჩემს ვენახს.
7უთხრა იზებელმა, მისმა ცოლმა: ახლა დაამტკიცე, რომ ისრაელის მეფე ხარ! ადექი, პური ჭამე და გული გაიმხიარულე: მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს.
8დაწერა წერილები აქაბის სახელზე, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა წერილები უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
9ასე ჩაწერა წერილებში: გამოაცხადეთ მარხვა და ხალხის თავში დასვით ნაბოთი.
10წინ დაუსვით ორი ნაძირალა, რომ ცილი დასწამონ მას და უთხრან: შენ იყავი, ღმერთსა და მეფეს რომ აგინებდი! მერე გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს.
11ისე მოიქცნენ იმ ქალაქის კაცები - უხუცესები და წარჩინებულები, რომელნიც მის ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორც შეუთვალა მათ იზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი.
12გამოაცხადეს მარხვა და ხალხის თავში დასვეს ნაბოთი.
13გამოვიდა ორი ნაძირალა და წინ დაუჯდა. ცილი დასწამეს ამ ნაძირალებმა ნაბოთს ხალხის წინაშე: შეაგინა ნაბოთმა ღმერთსა და მეფესო. გაიყვანეს ქალაქის გარეთ, ქვით ჩაქოლეს და მოკვდა.
14ასე შეუთვალეს იზებელს: ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა.
15როცა გაიგო იზებელმა, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, უთხრა იზებელმა აქაბს: ადექი, დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენანს, რომელიც არ უნდოდა შენთვის მოეყიდა; რადგან აღარ არის ცოცხალი ნაბოთი, მკვდარია.
16როცა გაიგო აქაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა აქაბი, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაჰპატრონებოდა.
17მაშინ გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბელს:
18ადექი და დახვდი აქაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.
19უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები. კიდევ უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ ძაღლები.
20უთხრა აქაბმა ელიას: მაინც მომაგენი, ჩემო მტერო! მიუგო: მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტად მოქცეულიყავი უფლის თვალში.
21აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტავ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს აქაბს კედელთან მშარდავი, ყმა თუ აზატი ისრაელში.
22ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც მოვექეცი იერობოამ ნაბატის ძის სახლს და ბაყაშა ახიას ძის სახლს იმ ჯავრის გამო, რომ გამაჯავრე, რომ შეაცდინე ისრაელი.
23იზებელზეც თქვა უფალმა: ძაღლები შეჭამენ იზებელს იზრეყელის გალავანთან.
24ვინც ქალაქში მოუკვდება აქაბს, იმას ძაღლები შეჭამენ; ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.
25ჯერ არვინ ყოფილა, რომელსაც აქაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იზებელი, მისი ცოლი.
26დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიჰბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა.
27როცა გაიგონა აქაბმა ეს სიტყვები, შემოიგლიჯა ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.
28გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბელს:
29ხომ ხედავ, როგორ მოიდრიკა აქაბი ჩემს წინაშე? და რაკი მოიდრიკა ჩემს წინაშე, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში; მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს.
Next