Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის.
2მესამე წელს ჩავიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.
3უთხრა ისრაელის მეფემ თავის მორჩილთ: ხომ იცით, რომ ჩვენია გალაადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.
4უთხრა იოშაფატს: წამომყვები გალაადის რამოთისთვის საბრძოლველად? მიუგო იოშაფატმა ისრაელის მეფეს: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?
5უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: აბა, დაეკითხე უფლის სიტყვას.
6შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.
7თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?
8უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქა იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.
9უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: სასწრაფოდ მომგვარე მიქა იმლას ძე.
10ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.
11გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა: ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.
12ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.
13ასე ეუბნებოდა მიქას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.
14თქვა მიქამ: უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს.
15მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქა! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.
16უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?
17თქვა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.
18უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.
19თქვა მიქამ: აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.
20თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში? ერთი ამას ამბობდა, მეორე - იმას.
21გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი?
22მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.
23აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.
24მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და ლოყაში გაარტყა მიქას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?
25თქვა მიქამ: კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.
26თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარი მიქა და მიჰგვარე ამონს, ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს,
27უთხარი: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.
28თქვა მიქამ: თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: მისმინეთ ყველამ, ხალხნო!
29წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე.
30უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად.
31უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ოცდათორმეტ კაცს, ვინც ჰყავდა: ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.
32როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურაენ, რომ შებრძოლებოდნენ. მაშინ იყვირა იოშაფატმა.
33როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყია იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას.
34ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.
35გახურდა ომი იმ დღეს, დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამო ხანს. წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლის ძარაში.
36გავარდა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: ყველა თავის ქალაქისკენ, ყველა თავის ქვეყნისკენ!
37მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას; და დამარხეს მეფე სამარიაში.
38გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს, რომელიც სიძვის დიაცებმა ჩამორეცხეს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს.
39აქაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა; სპილოსძვლის სახლი, რომელიც ააშენა, ქალაქები, რომელნიც გააშენა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
40განისვენა აქაბმა თავის მამა-პაპასთან და გამეფდა მისი ძე ახაზია მის ნაცვლად.
41იოშაფატ ასას ძე იუდაზე გამეფდა აქაბ ისრაელის მეფის მეოთხე წელს.
42ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზება, შილხის ასული.
43ყველაფერში მამამისის, ასას, გზას ადგა იგი, არ უხვევდა მისგან და სწორად იქცეოდა უფლის თვალში.
44ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული, ხალხი ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა.
45ზავი ჰქონდა იოშაფატს ისრაელის მეფესთან.
46იოშაფატის დანარჩენი საქმენი, მისი გმირობა, რც ჩაიდინა, და როგორ იბრძოდა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
47როსკიპ კაცთა ნატამალნი, მისი მამის, ასას დრომდე რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა მიწის პირისაგან.
48მეფე არ იყო ედომში, მხოლოდ მეფის დანიშნული ზედამხედველი იყო.
49ათი თარშიშული ხომალდი ააგო იოშაფატმა ოფირიდან ოქროს მოსატანად, მაგრამ არ წასულან, რადგან ყეციონ-გაბერში დაილეწა ხომალდები.
50მაშინ უთხრა ახაზია აქაბის ძემ იოშაფატს: იარონ ჩემმა მორჩილებმა შენს მორჩილებთან ერთად ხომალდებით; მაგრამ უარი უთხრა იოშაფატმა.
51განისვენა იოშაფატმა თავის მამა პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის ქალაქში და გამეფდა მისი ძე იორამი მის ნაცვლად.
52ახაზია აქაბას ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იოშაფატ იუდას მეფის მეჩვიდმეტე წელს და იმეფა ისრაელზე ორი წელი.
53უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობოამ ნაბატის ძის გზაზე, რომელმაც აცთუნა ისრაელი.
54ემსახურებოდა ბაალს და თაყვანს სცემდა მას; აჯავრებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, ყოველნაირად, როგორც იქცეოდა მამამისი.
Next