თავი - 20
Previous1ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, შეკრიბა მთელი თავისი ჯარი, თან იახლა ოცდათორმეტი მეფე და ცხენებითა და ეტლებით დაიძრა, შემოადგა სამარიას და ბრძოლა გაუმართა.
2გაუგზავნა მოციქულები აქაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში.
3და შეუთვალა: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ჩემია შენი ვერცხლი და შენი ოქრო, ჩემია შენი ცოლები და შენი საუკეთესო ვაჟები.
4მიუგო ისრაელის მეფემ და უთხრა: შენი სიტყვისამებრ იყოს მეფე-ბატონო! მეც შენი ვარ და ჩემი საბადებელიც შენია.
5კვლავ მოვიდნენ მოციქულები და თქვეს: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: რაკი შემოგითვალე, მომეცი შენი ოქრო. ვერცხლი, შენი ცოლები და შენი ვაჟები.
6ხვალ ამ დროს გამოგიგზავნი ჩემს მორჩილთ, რომ გაჩხრიკონ შენი სახლი და შენს მორჩილთა სახლები, და ხელი დაადონ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენთვალში, და წამოიღონ.
7უხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის მთელს უხუცესობას და უთხრა: კარგად შეიგნეთ, რომ ცუდს გვიპირებს ეს კაცი, რადგან ჩემი ცოლების, ჩემი ვაჟიშვილების და ჩემი ოქრო-ვერცხლის წასართმევად გამოგზავნა ხალხი, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის.
8უთხრეს მთელმა უხუცესობამ და მთელმა ერმა: ყურს ნუ დაუგდებ და ნურც დაეთანხმები.
9უთხრა მან ბენ-ჰადადის მოციქულებს: ასე უთხარით ჩემს ბატონ მეფეს: რაც პირველად შემოუთვალე შენს მორჩილს, იმას გავაკეთებ. მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია. წავიდნენ მოციქულები და მიუტანეს პასუხი.
10შეუთვალა ბენ-ჰადადმა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ სამარიის მტვრის თითო პეშვი შეხვდეს ყველას, ვინც უკან მიდგას.
11მიუგო ისრაელის მეფემ: ნუ იტრაბახებს სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემომხსნელივით.
12გაიგონა ეს შემოთვლილი სიტყვა ბენ-ჰადადმა, როცა მეფეებთან ერთად ჩარდახის ქვეშ სვამდა, და უთხრა თავის მორჩილთ: შემოეწყვეთ! ისინიც შემოეწყვნენ ქალაქს.
13აჰა, მოუახლოვდა ერთი წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? ხელში ჩაგაგდებინებ დღეს ყველას. რათა იცოდე, რომ მე უფალი ვარ.
14თქვა აქაბმა: ვისი წყალობით? მიუგო: ასე ამბობს უფალი: მხარეთა მთავრების მსახურთა წყალობით. ვინ წამოიწყებს ბრძოლას? თქვა: შენ.
15დათვალა მხარეთა მთავრების მსახურნი და აღმოჩნდა ორასოცდათორმეტი კაცი; მათ მერე დათვალა მთელი ხალხი, ყველა ისრაელიანი - შვიდი ათასი კაცი.
16შუადღისას გავიდნენ, როცა ბენ-ჰადადი სვამდა და თვრებოდა ჩარდახქვეშ თავის თანამდგომ მეფეებთან ერთად.
17პირველად მხარეთა მთავრების მსახურნი გავიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და ამბავი მოუტანეს: ხალხი გამოდისო სამარიიდან.
18თქვა: თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულნი, ცოცხლად შეიპყარით; თუ საბრძოლველად არიან გამოსულნი, შეიპყარით ცოცხლად!
19ესენი გამოვიდნენ ქალაქიდან, მხარეთა მთავრების მსახურნი და ლაშქარი, მათ რომ მიჰყვებოდა უკან.
20ყველამ თავ-თავისი მეტოქე დასცა ძირს, უკუიქცნენ არამელები და დაედევნა მათ ისრაელი. გაიქცა ცხენით ბენ-ჰადადი, არამის მეფე მხედრებთან ერთად.
21გამოვიდა ისრაელის მეფე და დაკრა ცხენებსა და ეტლებს. დიდი გამარჯვება მოიპოვა არამზე.
22მიუახლოვდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: წადი, გამაგრდი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წელიწადი შემობრუნდება და დაგესხმის თავს არამის მეფე.
23უთხრეს მისმა მორჩილებმა არამის მეფეს: მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუ დაბლობზე შევებრძოლებით, უსათუოდ ვძლევთ.
24აბა, ასე მოიქეცი: თავ-თავის ადგილებს მოაშორე მეფეები და მათ ნაცვლად ერისმთავარნი დააყენე.
25შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. დაბლობზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავამარცხებთ. ყურად იღო მათი სიტყვა და ასე მოიქცა.
26როცა მობრუნდა წელიწადი, დაათვალიერა თავისი ლაშქარი არამის მეფემ და გაემართა აფეკისკენ ისრაელიანებთან საბრძოლველად.
27შეემზადნენ ისრაელიანებიც, საგზალი მოიმარაგეს და მათ შესახვედრად დაიძრნენ. თხის ორი ჯოგივით დაიბანაკეს ისრაელიანებმა მათ პირისპირ, ხოლო არამელებმა დაფარეს მიწა.
28გამოჩნდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: ასე ამბობს უფალი: რაკი თქვეს არამელებმა უფალზე, მთების ღმერთი არისო და ვაკეების ღმერთი არ არისო, მთელს ამ ურიცხვ ლაშქარს ხელში ჩაგაგდებინებ, რათა იცოდეთ, რომ უფალი ვარ.
29ასე იყვნენ დაბანაკებულნი ერთმანეთის პირისპირ შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა და გაწყვიტეს ისრაელიანებმა არამელნი - ასი ათასი ქვეითი ერთ დღეს.
30დანარჩენები ქალაქ აფეკში გაიქცნენ. დანარჩენი ოცდაშვიდი ათასი კაცი კედელმა დაიტანა. ბენ-ჰადადიც გაიქცა და მივიდა ქალაქში და შიდა ოთახში დაიმალა.
31უთხრეს მისმა მორჩილებმა: გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები; წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე ბაწრებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან. იქნებ ცოცხლები დაგვტოვოს
32წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე ბაწრები დაიდეს, მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: შენი მორჩილი ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო. თქვა: ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმა არის.
33ინიშნეს ეს ამ კაცებმა, არ დაიბნენ და სასწრაფოდ მიუგეს: შენი ძმა არის ბენ-ჰადადი. თქვა მეფემ: წადით და მოიყვანეთ. გამოვიდა მასთან ბენ-ჰადადი და ეტლზე დაისვა იგი მეფემ.
34უთხრა: დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა; იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი, თქვა აქაბმა, ხელშეკრულების დადებით გაგისტუმრებ. დაუდო ხელშეკრულება და გაისტუმრა.
35უთხრა ერთმა წინასწარმეტყველთა დასიდან მეორეს უფლის სიტყვით: მცემე. მაგრამ არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა.
36მაშინ უთხრა: რაკი არ გაიგონე ჩემი სიტყვა, აჰა, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს. წავიდა მისგან კაცი, შემოეყარა ლომი და მოკლა ლომმა.
37მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: მცემე. მაგრად სცემა იმ კაცმა და დააწყლულა.
38წავიდა წინასწარმეტყველი და დახვდა მეფეს გზაზე, თვალებზე რიდე ჰქონდა აფარებული.
39როცა გამოიარა მეფემ, შეჰბღავლა მან მეფეს და უთხრა: შუაგულ ბრძოლაში იყო შენი მორჩილი, როცა ვიღაც კაცი გავიდა გვერდზე და მომიყვანა კაცი და მითხრა: უყარაულეო ამ კაცს; თუ დაიკარგა, შენი სიცოცხლე იყოს მისი სიცოცხლის წილ, ანდა ერთი ქანქარი ვერცხლი გადაიხადეო.
40გაერთო საქმით შენი მორჩილი და, აჰა, სადღაა კაცი. უთხრა მას ისრაელის მეფემ: შენ თავად გამოგიტანია განაჩენი შენთვის.
41მყისვე გადაიძრო რიდე თვალთაგან და იცნო იგი ისრაელის მეფემ, შეიცნო მასში ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი.
42უთხრა წინასწარმეტყველმა: ასე ამბობს უფალი: რაკი ხელიდან გაუშვი ჩემგან დარისხებული კაცი, იყოს შენი სიცოცხლე მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი მისი ხალხის წილ!
43წავიდა ისრაელის მეფე შინისაკენ დამწუხრებული და შეშფოთებული, და მივიდა სამარიას.
Next