Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1უამბო აქაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, როგორ ამოხოცა მახვილით წინასწარმეტყველნი.
2მოციქული გაუგზავნა იზებელმა ელიას და შეუთვალა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს.
3შეშინდა ელია; ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. მივიდა იუდას ბერშებაში და დატოვა იქ თავისი მსახური.
4თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ.
5მიწვა და მიეძინა ბუჩქის ძირას. და, აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ადექი, ჭამე.
6გაიხედა და, აჰა, ნამცხვარი და წყლიანი დოქი უდგას სასთუმალთან. შეჭამა, შესვა და ისევ მიწვა.
7მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს.
8ადგა, ჭამა, დალია და ამ საჭმელით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
9შევიდა იქ ერთ გამოქვაბულში და დაიღამა. აჰა, გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა: აქ რა გინდა, ელია?
10მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი; მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ.
11უთხრა: გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსრველი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწის ძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.
12მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი; ცეცხლის მერე - ოდნავი ჩქამი.
13როცა გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა, ელია?
14მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწეეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ.
15უთხრა უფალმა: წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, მირონი სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.
16ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად.
17ვინც ხაზაელის მახვილს გადურჩება, იეჰუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადურჩება, ელისე მოკლავს.
18დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის.
19წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, რომელიც მიწას ხნავდა. თორმეტი უღელი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.
20მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: გამიშვი, ვაკოცო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები. უთხრა: წადი და მიბრუნდი, რადგან რა გამიკეთიბია შენთვის?
21გაბრუნდა უკან, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი. ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. თავად ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა.
Next