Eleos

Contents

თავი - 18

Previous
1გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს გამოეცხადა უფლის სიტყვა ელიას: წადი, ეჩვენე აქაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე.
2წავიდა ელია, რომ სჩვენებოდა აქაბს. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში.
3დაუძახა აქაბმა აბდიას, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო აბდია.
4როცა იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა აბდიამ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა გამოქვაბულში, პურითა და წყლით ინახავდა მათ.
5უთხრა აქაბმა აბდიას: წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები; იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ მოგვიხდეს პირუტყვის დახოცვა.
6დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო. აქაბი ერთი გზით წავიდა მარტო, აბდია მეორე გზით წავიდა მარტო.
7გზად იყო აბდია, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო, დაეცა მის წინაშე და უთხრა: ნუთუ შენა ხარ, ჩემო ბატონო, ელია?
8მიუგო: მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია.
9თქვა აბდიამ: რა დავაშავე ისეთი, რომ აქაბს უგდებ მოსაკლავად ხელში შენ მორჩილს?
10უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი, ან სამეფო, სადაც შენს საძებრად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. ეუბნებოდნენ, არ არისო, და ისიც დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, რომ ვერ გიპოვნეს.
11ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია.
12გაგშორდები და არც კი მეცოდინება, სად გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ჩემს ბატონთან შესატყობინებლად, ვერ გიპოვნის და მომკლავს შენს მორჩილს. ყმაწვილკაცობიდანვე ღვთისმოშიშია შენი მორჩილი.
13განა არ უთქვამთ მისთვის, რაც გავაკეთე, როცა იზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა; რომ ვმალავდი ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს გამოქვაბულებში და პურითა და წელით ვინახავდი.
14ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. ხომ მომკლა!
15თქვა ელიამ: ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას.
16წავიდა აბდია აქაბის შესახვედრად და შეატყობინა. წამოვიდა აქაბი ელიას შესახვედრად.
17როცა დაინახა აქაბმა ელია, უთხრა აქაბმა: ეს შენ ხარ, ისრაელის მაოხრებელო?
18თქვა: მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედი.
19ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი, და ბაალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი, და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კაცი, იზებელის სუფრას რომ უსხედან.
20დაგზავნა აქაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შერიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე.
21მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.
22უთხრა ელიამ ხალხს: მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია.
23მოგვცენ ორი კურატი; ერთი მაგათ ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ.
24ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი!
25უთხრა ელიამ ბაალის წინასწარმეტყველთ: ამოირჩიეთ რომელიმე კურატი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ.
26გამოიყვანეს კურატი, რომელიც მისცა მათ, და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ! მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გამართეს.
27შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს და გაიღვიძებს.
28დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისმებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე.
29შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგად იყვნენ დავარდნილი ძღვენის შეწირვის ჟამამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი.
30უთხრა ელიამ მთელს ხალხს: ახლოს მოდით. მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება.
31აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა, ისრაელი იქნებაო შენი სახელი.
32და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე, სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი.
33დააწყო შეშა, შუა გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო.
34თქვა: აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით აღსავლენ მსხვერპლსა და შეშას. თქვა: გაიმეორეთ. მათაც გაიმეორეს. თქვა: მესამედ გადაასხით, მათაც გადასხეს მესამედ.
35ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი.
36მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი.
37ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.
38ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა.
39დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!
40უთხრა მათ ელიამ: შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა.
41უთხრა ელიამ აქაბს: წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.
42წავიდა აქაბი, რომ ეჭამა და ესვა; ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა.
43უთხრა მსახურს: წადი, ზღვისკენ გაიხედე. ისიც წავიდა და გაიხედა. თქვა: არაფერი ჩანს. უთხრა ელიამ: შვიდგზის გააკეთე ასე.
44მეშვიდე ჯერზე თქეა: აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან. თქვა ელიამ: წადი, უთხარი ახაბს, ეტლი შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო.
45ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. შეჯდა ეტლზე აქაბი და იზრეყელისკენ გაემართა.
Next