თავი - 8
Previous1გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი.
2დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.
3თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
4მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი.
5თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.
6ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული.
7გამოუშვა ყორანი; მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე.
8გაუშვა მტრედი, რომ გაეგო - თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.
9ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
10შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე.
12შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან.
13ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად; ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი.
14მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.
15ასე უთხრა ღმერთმა ნოეს:
16გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენა შვილები და მათი ცოლები.
17ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.
18გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები.
19ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.
20აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.
21იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.
22ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
Next