Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.
2თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი.
3ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს.
4ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ.
5მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
6ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.
7ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე.
8უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად:
9აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას,
10ყოველ სულდგმულს, რომელიც კი თქვენთან არის, ფრინველს, პირუტყვს, მიწის ყველა მხეცს, რომელიც კი თქვენთან არის, ყველას, კიდობნიდან გამოსულს,
11გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად.
12თქვა უფალმა ღმერთმა: ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, სამარადისოდ;
13ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის.
14როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა,
15მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად.
16გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად.
17უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის ამქვეყნად.
18ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი.
19ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული.
20დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.
21შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
22დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.
23აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
24გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.
25თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
26თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!
27განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!
28იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
29სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.
Next