თავი - 7
Previous1უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში.
2ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან - ორ-ორი, მამალი და დედალი.
3ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.
4რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.
5ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.
6ექვსასი წლისა იყია ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად.
7შევიდნენ ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნვნ წარღვნას.
8წმინდა პირუტყვი და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი
9წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის.
10შვიდი დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად.
11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.
12აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
13სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი - ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი.
14ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
15შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა.
16მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა.
17ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ.
18გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
19მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში.
20თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები.
21მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.
22ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა.
23აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.
24მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე.
Next