თავი - 6
Previous1როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,
2დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.
3თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
4ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.
5დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.
6ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.
7თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.
8მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.
9ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე.
10შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით.
12გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.
13უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ.
14გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე.
15ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;
16სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.
17აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.
18შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
19ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.
20ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.
21წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც.
22ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.
Next