თავი - 50
Previous1გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა.
2უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.
3გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს.
4როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით:
5მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა, ვკვდები მე. იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ, დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები.
6თქვა ფარაონმა: წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა.
7წავიდა იოსები მამის დასამარხავად, და წაჰყვნენ მას ფარაონის მორჩილნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი.
8იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბალღები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მხარეში.
9დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი.
10მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა, და გამართეს იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. შვიდ დღეს გლოვობდა იოსები მამას.
11იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი (ეგვიპტელთა გლოვა).
12ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც უანდერძა მათ.
13წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან.
14დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა.
15დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით.
16შეუთვალეს იოსებს: მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ.
17ასე უთხარით იოსებს: გევედრები, შეუნდე ცოდვა და დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდე ცოდვა მამაშენის ღმერთის მსახურებს. ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს.
18მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ.
19უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ?
20თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა.
21ამიერიდან ნუღარ გეშინიათ: თქვენც შეგინახავთ და თქვენს ბავშვებსაც. დაამშვიდა ისინი და ანუგეშა.
22ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის მოდგმასთან ერთად. იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.
23მოესწრო იოსები ეფრემის შვილთაშვილებს; მენაშეს ძის, მაქირის, შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ.
24უთხრა იოსებმა ძმებს: მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისაკს და იაკობს.
25დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები.
26მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში.
Next