თავი - 1
Previous1ეს არის სახელები ისრაელიანთა, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში. თითოეული თავისი სახლითურთ ჩავიდა.
2რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა.
3ისახარი, ზებულონი და ბენიამინი.
4დანი, ნაფთალი, გადი და აშერი.
5სულ სამოცდაათი სული იყო იაკობის საზარდულიდან გამოსული. ხოლო იოსები ეგვიპტეში იყო.
6აღესრულა იოსები, მისი ყველა ძმა და მთელი ის თაობა.
7ინაყოფიერეს ისრაელიანებმა, გაფუფუნდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ და მეტისმეტად გაძლიერდნენ. აავსეს მთელი ქვეყანა.
8დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელსაც არ გაეგონა იოსები.
9უთხრა თავის ხალხს: ხედავთ, ჩვენზე მრავალრიცხოვანია და ძლიერი ისრაელიანთა ხალხი.
10მოდით, როგორმე ვაჯობოთ ჭკუით, რომ არ გამრავლდეს. თუ ომი ატყდა, შეუერთდება ჩვენს მტრებს, აგვიმხედრდება და გავა ქვეყნიდან.
11დაუნიშნეს მას ბეგრის უფროსები, რომ მძიმე შრომით დაეჩაგრათ იგი. აუშენა მან ფარაონს მარაგისათვის ქალაქები - ფითომი და რამსესი.
12მაგრამ რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე.
13უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები.
14სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით და აგურების კეთებით, მინდორში მუშაობით, ყველა სამუშაოთი, რაზედაც უწყალოდ ამუშავებდნენ.
15უთხრა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს სახელად ერქვა შიფრა, მეორეს - ფუაყი.
16უთხრა: როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ, თუ ვაჟი იყოს, მოკალით, თუ ქალი - ცოცხალი დარჩეს.
17ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს.
18იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და უთხრა: ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რატომ ტოვებთ ვაჟებს?
19უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: არ ჰგვანან ეგვიპტელ ქალებს ებრაელი ქალები, ამტანები არიან. სანამ ბებიაქალი მივიდოდეს, ნამშობიარები არიან უკვე.
20წყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, ხალხი კი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.
21ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და ღმერთმაც ააშენა ისინი.
22მაშინ უბრძანა ფარაონმა მთელს თავის ხალხს: ნილოსში ჩააგდეთ ყოველი ახალშობილი ვაჟი, ხოლო ქალი ცოცხალი დატოვეთ.
Next